მიიმალა ბიზნესმენი ილია კოლეროვი, რომლის მოსკოვისთვის გადაცემასაც ოკუპირებული აფხაზეთი აპირებდა

ილია კოლეროვი. მარცხნივ – აფხაზეთში დაკავების შემდეგ და მარჯვნივ – 2014 წელს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ განიხილა და დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქის, ილია კოლეროვის, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით ექსტრადიციის შესახებ.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები კოლეროვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ. 2022 წელს მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და ძებნა გამოაცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის თანახმად, კოლეროვმა და მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს უწყების გადაწყვეტილებები მისი ექსტრადიციისა და წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ.

უცნობია, რა გზით მოხვდა კოლეროვი ოკუპირებულ აფხაზეთში და როდის დააკავეს ის.

„2025 წლის 6 აგვისტოს სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ და მის მრავალრიცხოვან საჩივარზე სასამართლო პროცესების დასრულებამდე, ი. ა. კოლეროვი აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს მიემალა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, კოლეროვის რუსეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილება ოქტომბერში ძალაში დატოვა "აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ", ხოლო ნოემბრის ბოლოს - "უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების საკასაციო კოლეგიამ".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, "სასამართლოს განჩინების აღსრულების" მიზნით, დაევალა კოლეროვის ადგილსამყოფლის დადგენა და „მისი ექსტრადიციის უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებისთვის“.

1990-იან წლებში ილია კოლეროვი მოსკოვში ფლობდა კერძო ბენზინგასამართი სადგურების უდიდეს ქსელს, „ილია კოლეროვი და კო-ს", 1994 წელს, ჩეჩნეთში სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მან გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადა, 1996 წელს მოსკოვის ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო კი ბიზნესი გაყიდა.