დღეიდან ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა

საილუსტრაციო ფოტო

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებითაც ოქროს ზოდებზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა. სადავო პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილა და 12 ნოემბერს მიიღო.

საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ია.

ოქროს ზოდების შემოტანაზე კანონის ლიბერალიზაციის ინიციატორი ფინანსთა სამინისტრო იყო. უწყება ამტკიცებდა, რომ სხვა პროდუქტების მსგავსად ოქროზე დღგ-ს გადასახადის არსებობა „ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს“.

კანონში დაემატა „საინვესტიციო ოქროს“ ცნება, რომელიც განიმარტება ასე: "ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით. აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსაგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით, 2023-2024 წლების განმავლობაში იმპორტირებული საინვესტიციო ოქროს ღირებულება 194 500 ლარი იყო, საიდანაც 35 000 დღგ-ზე მოდიოდა.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი 17 დეკემბერს „TV პირველთან“ საუბრის დროს აცხადებდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებსაც ოქროს ზოდების შემოტანის რესურსი აქვთ. ამიტომ ის ამ საკანონმდებლო ცვლილებას ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირებდა.

2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელშეშლისთვის.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად

რამდენიმე თვით ადრე კი პარლამენტმა მიიღო ე.წ. ოფშორების კანონი, რომლითაც უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გაათავისუფლა.

მას შემდეგ ივანიშვილის ოჯახმა წილები ოთხი ოფშორული კომპანიიდან (Visalia Enterprises Limited-ი (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited-ი (ბელიზი) 3) Fresno Management Limited-ი (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა)) გადმოიტანა საქართველოში.

ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო

2025 წლის იანვარში კი, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესა, საქართველოში 420 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა.

  • დიდი ბრიტანეთიდან - $252 703 924 ღირებულების (გადასატანი ყუთის წონა 1432 კგ);
  • აშშ-დან - $167 600 406 ღირებულების (გადასატანი ყუთის წონა 4698,5 კგ);
  • გერმანიიდან - $417 524 ღირებულების (გადასატანი ყუთის წონა 398 კგ).

იმავე სასაქონლო კოდით საქართველოში 2024 წლის 11 თვეში 1,03 მილიონი დოლარის ნახატები შემოვიდა.

მაშინ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას არ უპასუხეს, ეკუთვნოდა თუ არა ეს ნახატები ბიძინა ივანიშვილს.

ასევე ნახეთ იანვარში აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან 420 მილიონი დოლარის ნახატები შემოვიდა