ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვიტალი ზვიაგინცევი, რომელიც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Ynet იუწყება ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოძიების ვერსიით, ზვიაგინცევმა ჰაიფაში პორტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, აშშ-ისა და ისრაელის გემებისა და ხომალდების, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. ის ადრე უკვე დააკავეს, დაკითხეს, მაგრამ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კიდევ ერთი თვე განაგრძობდა სხვადასხვა ობიექტის გადაღებას.
გამომძიებლების თქმით, მას შეგნებული ჰქონდა თავისი ჯაშუშური საქმიანობა და ამისთვის ანაზღაურებასაც იღებდა. საერთო ჯამში მან მეკავშირისგან, რომელმაც თავი „რომანად“ გააცნო, თითქმის 5000 დოლარი მიიღო.
4 დეკემბერს ის კვლავ დააკავეს რამათ-დავიდის საჰაერო ბაზაზე მორიგი ვიდეოს ჩაწერის დროს. ამის შემდეგ ის დააპატიმრეს. გამოცემა საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზვიაგინცევმა აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდებები.
ვიტალი ზვიაგინცევი დამლაგებლად მუშაობდა თელ-ავივის ოპერის თეატრში.
ასევე ნახეთ გაერომ გამოაცხადა, რომ ღაზაში შიმშილობა აღარაა, მაგრამ „სიტუაცია კვლავ კრიტიკულია“