შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 19:00 საათი;
შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 24:00 საათი.
შსს აღნიშნავს, რომ ამ აქციის გამართვაზე პასუხისმგებელ პირად კახა წიქარიშვილი ჰყავთ განსაზღვრული.
“შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”, - წერია განცხადებაში.
10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
- ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი: აქციის გასამართად ნებართვის აღების მოთხოვნა კონსტიტუციით აკრძალულიაომბუდსმენი მიუთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლზეც, რომელშიც წერია, რომ „ყველას [...] აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
11 დეკემბერს, ამ ახალი კანონის მიღების მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ადვოკატმა კახა წიქარიშვილმა და აცნობა, რომ პარლამენტთან, „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქცია გაიმართება, „რასაც შედეგად მოჰყვება ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეტვა“.
„პარლამენტის წინა ტერიტორია დაჯავშნილია. ცალ-ცალკე განცხადება არის შეტანილი ყოველ დღეზე. შეგვიძლია 19 დეკემბრის ჩათვლით ვიგრიალოთ ტროტუარზე“, - დაწერა კახა წიქარიშვილმა ფეისბუკში.