რამდენიმე დღის წინ მასკმა მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა 2018 წლის აქციების პაკეტთან დაკავშირებით. ამით კიდევ უფრო გაზიარდა მისი ქონება. აქციების ღირებულება ამჟამად 146 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტია.
აშშ-ის დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მოსამართლის ადრინდელი გადაწყვეტილება, რომლითაც აქციონერთა სარჩელის შემდეგ კომპენსაციის პაკეტი გაუქმდა.
2018 წელს მასკს მიენიჭა აქციების შეძენის უფლება, თუ Tesla ათ წლამდე პერიოდში გარკვეულ მიზნებს მიაღწევდა, რაც უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე დაიგეგმა.
იმ დროს პაკეტის ღირებულება 50 მილიარდ დოლარზე მეტი
იყო. Forbes-ის მონაცემებით, კვირის დასაწყისში მასკის ქონებამ, სავარაუდოდ, 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წმინდა ქონება გულისხმობს ყველა აქტივის ჯამს ვალებისა და სხვა ვალდებულებების გამოკლებით.
მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე ამჟამად Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯია, რომლის ქონებაც დაახლოებით 253 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელისუფლებაში მეორე მოსვლის შემდეგ 2025 წლის იანვარში შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა თავის აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს დაავალა.
დეპარტამენტს 2026 წლის ივლისის ჩათვლით უნდა ემუშავა და მაქსიმალურად შეემცირებინა ფედერალური სააგენტოები და მათი დაფინანსება. მასკს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა აშშ-ის ბიუჯეტიდან ორი ტრილიონი დოლარის დაზოგვა. დეპარტამენტი (DOGE) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რვა თვით ადრე დაიშალა. მასკმა ეს სამსახური 2025 წლის მაისში დატოვა.