„გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - „ოცნების“ გზავნილები 2025 წლის „ამბასადორიალზე“

ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და სხვები „ელჩების კონფერენციაზე“. 2025 წლის 22 დეკემბერი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ „გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“ და „უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს“.

მათ თანახმადვე, „აღარ არსებობს გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება“, - ამით ამართლებენ ლიდერები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას.

„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში… შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • დღეს, 22 დეკემბერს თბილისში გაიმართა ყოველწლიური „ამბასადორიალი“, ელჩების კონფერენცია, სადაც სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის ლიდერები.
  • თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს ელჩები თითქმის ყველა ქვეყნიდან; ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ.
  • მათ შორის იყო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი.

„გლობალური ცვლილებები“

„გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს“.

  • ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეწყვეტილი აქვს; ევროკომისიის თანახმად, ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება ემუქრება;
ასევე ნახეთ „საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - აცხადებს ევროკომისია
  • დაბალ ნიშნულზეა ძველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობები;
  • პარალელურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, გაააქტიუროს ურთიერთობები აღმოსავლეთით, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ გამოსვლაში 2025 წელი შეაფასა, როგორც „გლობალური ცვლილებებით, დრამატიზმითა და წინააღმდეგობებით აღსავსე“ წელი და ორი რამ გამოყო:

  1. „საქართველომ გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს“;
  2. „გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“ და „უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს“.

პაპუაშვილის სიტყვებითვე, „ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია“.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებითაც, „უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის [დიპლომატების] პასუხისმგებლობას“.

„არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

„აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე“

შალვა პაპუაშვილმა ასე დახატა ახლანდელი გლობალური პოლიტიკა: „სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას“.

პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია“.

„სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არცერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია“, - თქვა მან.

„მსოფლიო პოლიციელის“ გარეშე

შალვა პაპუაშვილის განცხადებითვე, „აშშ ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე“:

„ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია“, - თქვა სპიკერმა.

იქვე დასძინა, რომ „ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა“.

ასევე ნახეთ „სამყარო იცვლება“- აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და საქართველოს არჩევანი

შალვა პაპუაშვილის თანახმად, სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი.

„ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში. პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. გავუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით“.

„ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას“, - თქვა მან.

„ჩვენი ვექტორი უალტერნატივოა“ - ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური ვექტორი „უალტერნატივოა“;

მისი თქმით, ამაში დაარწმუნა თავისმა ვიზიტებმა „მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში“.

„ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების - აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას“, - განაცხადა მან.

იქვე თქვა, რომ „პარალელურად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა“.

ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ „ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“.

„მშვიდობის დოქტრინა 2026“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ „უამრავი დიდი ძვრა ჯერ კიდევ წინ გველოდება“:

„ჩვენ გვსურს, დასრულდეს ომი უკრაინაში. ჩვენ გვსურს, გადარჩეს უკრაინის სახელმწიფო. ჩვენ გვსურს დაისადგუროს მტკიცე მშვიდობამ“.

თუმცა, მისი თქმით, არ ვიცით, როდის, რა ფორმით და რა გეოპოლიტიკური შეთანხმებით დასრულდება ომი. „ჩვენ არ ვიცით როგორი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში და ძალთა როგორი ბალანსი დაისადგურებს“, - თქვა მან.

„ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით, არის ის, რომ არ გაგვაჩნია არავითარი სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, საქართველოზე მეტი“, - განაცხადა სპიკერმა.

იქვე წარმოთქვა სიტყვები, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, რასაც უწოდა „ჩვენი მთავარი სტრატეგია, სიბრძნე და ცოდნა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი ტაქტიკური თუ ოპერატიული გადაწყვეტილება“.

„სტაბილურობამ მოიტანა ზრდა“

ირაკლი კობახიძემ გაიმეორა ის, რასაც უკვე დიდი ხანია, ის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ამბობენ:

„ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“.

ისაუბრა „ეროვნული ინტერესების დაცვასა“ და „სტაბილურობის შენარჩუნებაზე“.

მისი თქმით, სწორედ „სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ“ მოიტანა ის, რომ „გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა“.

მშპ-ის ზრდის ტემპი იკლებს - 2025 წელს მშპ 7.2%-ით გაიზრდება, როცა წინა წლებში, - იყო:

  • 2021 - 10.6%
  • 2022 - 11%
  • 2023 - 7.8%
  • 2024 - 9.4%

2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია ზრდის ტემპის 5%-მდე დაწევა.

ასევე ნახეთ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 - საქართველო რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს