გაზაფხულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება - პაპუაშვილი პროდუქტების მაღალ ფასებზე

შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე: „მისასალმებელია“.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.

პაპუაშვილმა „მისასალმებელი“ უწოდა კობახიძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას და დაადასტურა, რომ „საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი“.

„საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, - წერს პაპუაშვილი ფეისბუკზე.

მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.

მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ დღეს დილას, 24 დეკემბერს - წინასაახალწლოდ - გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, - და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, - ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
  • ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.
  • 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა.
  • „იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა მან.
  • საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.
ასევე ნახეთ კობახიძე: პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

ზოგადად, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, - როგორც ეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის კვლევაშია განხილული, - ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

  1. ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, - რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც, თავის მხრივ, ქმნის ჭარბ მოთხოვნას.
  2. გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება.
  3. გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით.
  4. მომხმარებლებს შესაძლოა, აგრეთვე, მოუწიოთ საქონლისა და მომსახურების ძიებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯების გაწევა, როგორიც გრძელი რიგები ან დახარჯული დროა, ისეთი პროდუქტის შესაძენად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი მცირეა.
  5. როგორც წესი, როდესაც დაწესებულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა უკანონოა, მყიდველები პოულობენ გზას, რომ ქრთამის სახით გადაიხადონ მეტი, რაც, საბოლოოდ, ზრდის კორუფციის დონეს.