სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს, 24 დეკემბერს განაცხადა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“.
ირაკლი კობახიძის განცხადება
მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ დღეს დილას, 24 დეკემბერს, წინასაახალწლოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
- ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, - და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, - ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
- ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.
- 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა.
- „იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა მან.
- საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.
ზოგადად, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, - როგორც ეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის კვლევაშია განხილული, - ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის:
- ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, - რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც, თავის მხრივ, ქმნის ჭარბ მოთხოვნას.
- გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება.