ექსმინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს, დააკავეს და გამოუშვეს მისი ცოლი - საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება

საქმე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციას უკავშირდება

თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.

გამოძიება მის „ბრალეულობას“ კვლავ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამაზე მომავალში იმსჯელებს.

დაკავება უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა „კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ მცდელობად მიიჩნევს.

ბაჩო ახალაიამ, - რომელიც 2012 წლის 6 ნოემბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააპატიმრეს, - ციხეში ცხრა-ნახევარი წელიწადი გაატარა და 2022 წლის 1 მარტს გათავისუფლდა.

„მთავარი ორგანიზატორი“

ხუთშაბათ საღამოს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.

სუსის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ახალაიას საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული.

ოქტომბრის დასაწყისში ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. ახალაია - შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი - სუს-ში.

როგორც მაშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, ახალაია აქციასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ასევე ნახეთ ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სუსში დაიბარეს

„თავად არ გამორიცხა“

ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება მისი [ანა ნადარეიშვილის] დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ“.

„გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“, - თქვა სუსის წარმომადგენელმა.

„ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა მაღრაძემ ბრიფინგზე.

„მას [ახალაიას] ჰქონდა საშუალება, ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, [რაზეც არ უპასუხა], რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის შეფასებით, „სუსმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის ანი ნადარეიშვილის დაკავებით აშანტაჟებს“.

„თუ არ აღიარებს 4 ოქტომბრის ორგანიზატორობას, ანის დაიჭერენ. ამას ისედაც უთვლიდნენ“, - წერს წითლიძე.


„343-ჯერ შედგა კომუნიკაცია“

მან ასევე განაცხადა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“.

მათ შორის დაასახელა „წუთებისა და წამებით სიზუსტის ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით“ პირთა შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი.

სუსის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.

მათ შორის:

  • „მურთაზ ზოდელავასთან - 157-ჯერ
  • პაატა ბურჭულაძესთან - 110-ჯერ
  • პაატა მანჯგალაძესთან - 29-ჯერ
  • ლაშა ბერიძესთან - 26-ჯერ
  • ირაკლი ნადირაძესთან - 21-ჯერ“.

4 ოქტომბრის შემდეგ ხუთივე მათგანი დაკავებულია და „წინასწარი პატიმრობა“ აქვს შეფარდებული.

ასევე ნახეთ "ბგერაც არ არის ჩემი" - ბაჩო ახალაია და მისი ცოლი ერთ დღეს საგამოძიებო უწყებებში

ვინ არის ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა:

  • 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
  • 2009-2012 წლებში - თავდაცვის მინისტრი.
  • 2012 წელს, რამდენიმე თვით - შინაგან საქმეთა მინისტრი.
ასევე ნახეთ „ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული“ - სააკაშვილის თქმით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხეს

4 ოქტომბრის საქმე

  • 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, - თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
  • ამის შემდეგ აქციის ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“, მათ შორის ენმ-ის წევრები (მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე) და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე;
  • ხუთივე მათგანი დაპატიმრებულია; ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით სხვა ადამიანიც - სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მათი რაოდენობა, ორგანიზატორებაში ბრალდებულების ჩათვლით, 60-ს სცდება.
  • მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა.

მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

ასევე ნახეთ 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლეები - ვის ვიცნობთ და როგორ გავიცანით?

ბექა ჭულუხაძე და ლაშა შერგელაშვილი

დღევანდელ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აწარმოებს საქმეს, რომელიც „ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მასალების შეძენა-შენახვას“.

მისი თქმით, ამ საქმეზე „იმხილება“ ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს „როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე“.

  • სუს-მა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისთან აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით);
  • სუს-ის გამოძიების ვერსიით, ამ მასალის გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
  • სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ (რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ არის ბექა ჭულუხაძე) აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.
  • იგი ქვეყანაში არ იმყოფება.
ასევე ნახეთ ბრალი წარუდგინეს სუსის მიერ დასახელებულ კაცს, რომელიც, უწყების მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა

რაც შეეხება სუს-ის უფროსის მოადგილის მიერ დასახელებულ კიდევ ერთ კაცს, ლაშა შერგელაშვილს:

ის არის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ფიგურირებს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში 2024 წლის აქციებისას „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ.

შერგელაშვილი, რომელმაც სისტემა 2019 წელს დატოვა, მესამე წელია, უკრაინაში ცხოვრობს.

6 დეკემბერს, როცა სუს-მა გამოძიების შეჯამებისას სახელმწიფოს მიერ „კამიტის“ ფლობა და გამოყენება უარყო, განაცხადა:

„საყურადღებო გარემოებაა, რომ [ლაშა შერგელაშვილის] მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს“.

ასევე ნახეთ "მტკიცებულებებს ვერავინ გააქრობს" - შს მინისტრის მოადგილე გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის ვარაუდზე