ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ილაპარაკა "კარგ იდეებზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის".

ინფორმაციას ავრცელებს "უკრაინსკაია პრავდა".

ზელენსკის თქმით, იგი ტელეფონით ესაუბრა ტრამპის საგანგებო წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს. უკრაინის პრეზიდენტი საუბრის დეტალებს ავრცელებს თავისი არხებით სოციალურ ქსელებში.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან საუბარს შეუერთდნენ, მათ შორის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, გენერალური შტაბის მეთაური, ანდრი გნატოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა.

"განვიხილეთ სამუშაოს გარკვეული არსობრივი დეტალები. არის კარგი იდეები, რომლებმაც შესაძლოა გაამართლოს საერთო შედეგისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ნამდვილი უსაფრთხოება, ნამდვილი აღდგენა, ნამდვილი მშვიდობა - ესაა ის, რაც ჩვენ, ყველას გვჭირდება", - ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ უმეროვი ცალკეც გამართავს საუბარს უიტკოფთან და კუშნერთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენლებს ასევე სთხოვა საშობაო მილოცვის გადაცემა ტრამპისთვის და მისი ოჯახისთვის.

ერთი დღით ადრე, 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პირველად გაასაჯაროვა აშშ-სთან შეთანხმებული, 20-პუნქტიანი შეთანხმების შინაარსი. ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ კომენტარები გააკეთა უკრაინისადმი მოთხოვნაზეც უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე - რომელიც, როგორც აღინიშნება, იყო ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის წინა ვერსიისა.

"ესაა მხარეთა შეთანხმება: ამერიკა, უკრაინა, ევროპა და რუსეთი. ჩვენი აზრით, ესაა ნატოს წევრების არჩევანი - უკრაინა იქ იყოს, თუ არა. ჩვენი არჩევანი გაკეთებულია", - ზელენსკის ამ სიტყვებს მედია ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვი გეგმავს მიაღწიოს ცვლილებების შეტანას 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც შემუშავდა უკრაინასა და აშშ-ს შორის განხილვების შედეგად. წყაროს მტკიცებით, რუსეთს სურს მიიღოს გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და უკრაინა ნეიტრალურ სტატუსს შეინარჩუნებს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ Bloomberg-ი: რუსეთი შეეცდება მიაღწიოს ცვლილებებს სამშვიდობო გეგმაში