ისრაელში თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა. დასავლეთ სანაპიროზე მლოცველს რეზერვისტმა მანქანა დააჯახა

(საილუსტრაციო ფოტო)

ისრაელის საგანგებო ვითარებათა სამსახურმა განაცხადა, რომ 26 დეკემბერს, ჩრდილოეთ ისრაელში, პალესტინელმა თავდამსხმელმა კაცს ავტომობილით გადაუარა და ქალი დანით დაჭრა. ორივე დაიღუპა.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან იყო, შემთხვევის ადგილზე მოქალაქემ ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც ის
საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, თქვა, რომ მან შემდგომი თავდასხმების აღსაკვეთად სამხედროებს დაავალა, საპასუხოდ ძალა გამოიყენონ დასავლეთ ნაპირის ქალაქ კაბაიტიაში, საიდანაც, მისი თქმით, თავდამსხმელი იყო.

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე „ოპერაციისთვის ემზადებიან“.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ერთი მოზარდი. მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ - ექიმებმა მათი რეანიმაცია ვერ შეძლეს.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, 25 დეკემბერს ისრაელელმა სამხედრომ - რეზერვისტმა ჯარისკაცმა თავისი ავტომობილი პალესტინელ კაცს დააჯახა მაშინ, როცა ის ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე გზის პირას ლოცულობდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მანამდე ამ ტერიტორიაზე სროლები იყო.

„მივიღეთ კადრები, სადაც შეიარაღებული პირი პალესტინელს ეჯახება“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს პირი რეზერვისტი იყო და მას სამხედრო სამსახური შეუწყვიტეს.

სამხედროების თქმით, რეზერვისტმა „საკუთარი უფლებამოსილების უხეში დარღვევით“ იმოქმედა და მას იარაღი ჩამოართვეს. ისრაელის მედიის ცნობით, ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ისრაელის პოლიციამ Reuters-ის თხოვნას კომენტარზე დაუყოვნებლივ არ უპასუხა.

თავდასხმის შემდეგ პალესტინელი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს შემოწმებისთვის, თუმცა ის უვნებელი იყო და ამჟამად სახლშია. პალესტინის ტელევიზიით გასულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება ავტომობილით გზის პირას მლოცველს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც იარაღი მხარზე აქვს გადაკიდებული.

გაეროს მონაცემებით, ეს წელი, რომლის განმავლობაშიც 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი იყო.