დრონების შეტევის საფრთხესთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მოსკოვის აეროპორტებში, ვნუკოვოსა და შერემეტიევოში, შაბათს შეჩერდა, გადაიდო ან სათადარიგო აეროდრომებზე გაიგზავნა 400-მდე რეისი.
მთლიანობაში ორივე აეროპორტში 270-ზე მეტი რეისი შეჩერდა, 42 გადაიდო და 69 გაგზავნეს სათადარიგო აეროდრომებზე.
კომპანია „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ „განრიგის კორექტირებას“ ახდენს. იმ რეისების ნაწილი, რომლებიც მოსკოვში მიფრინავდა, გაიგზავნა დომოდედოვოს, სანქტ-პეტერბურგის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ყაზანის, სარატოვის, სამარის, ეკატერინბურგის აეროდრომებზე. რეისების „იძულებით კორექტირების“ შესახებ ასევე განაცხადა ავიაკომპანია „პობედამ“.
რეისების გაშვებასა და მიღებაზე შეზღუდვები მოსკოვის აეროპორტებმა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17.00 საათისთვის შემოიღეს უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის გამო. შეზღუდვები შუაღამისთვის გაუქმდა. გუშინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თქვა, რომ ჩამოგდებულია 26 დრონი, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა.
ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე ისევ დრონებით შეტევა იყო