აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უცხო ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გენპროკურატურის მიერ 29 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო ხანს სამართალდამცავი ორგანოების გამოძიებით და მედიით გავრცელებული ცნობებით დადასტურებულია აზერბაიჯანის მოქალაქეთა მონაწილეობა „რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ოპერაციებში“ და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაღუპულებს, მძიმედ დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორის.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით არაერთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება დასრულებულია და სასამართლოს მიერ განაჩენიც გამოტანილია, ზოგიერთ საქმეზე კი წინასწარი გამოძიება გრძელდება. ბრალდებულთა რიცხვი პროკურატურას არ დაუსახელებია.
ასევე ნახეთ ყაზახეთში წელს ასობით საქმე აღძრეს რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში წასულთა წინააღმდეგაზერბაიჯანის მოქალაქეები უკრაინაში იბრძვიან როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხარეს, თუმცა მათ შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
2023 წლის მაისში ბაქოში, უკრაინის საელჩოსთან გაიხსნა „ხსოვნის კედელი“ - დაფა, რომელზეც გამოფენილი იყო უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული აზერბაიჯანელების ფოტოები. კედელზე 26 დაღუპულის სახელები იყო.
2025 წლის აპრილში პორტალი Media.az წერდა, რომ უკრაინაში ფრონტის სხვადასხვა მხარეს დაიღუპა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე. რუსეთის მხარეს მეომარი აზერბაიჯანელი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაუშვეს რუსეთის ერთ-ერთი საპატიმროდან, სადაც სასჯელს იხდიდა მკვლელობის ბრალდებით.
ასევე ნახეთ ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი