სამოქალაქო აქტივისტი, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "საპა" ავრცელებს, მეარაყიშვილის ადვოკატ ალან ბაზაევზე დაყრდნობით.
"ის ნორმალურ განწყობაზეა, მაგრამ ძლიერ სისუსტეს გრძნობს", - ამბობს ბაზაევი.
მისი სიტყვებით, თამარი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
დღეს, 30 დეკემბერს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა მეარაყიშვილის დაკავებას და ის უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა. მან დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებსრუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა. მან წყლის მიღებაც შეწყვიტა. ადვოკატი 29 დეკემბერს ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 10 კილოგრამი დაკარგა.
თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს, დააკავეს.
ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ჯაშუშობის“ ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მას ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.