ანტისამთავრობო აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, თეირანის ჩათვლით. დემონსტრაციები დაიწყო ქუჩის მოვაჭრეების პროტესტით. მათ 30 დეკემბერს უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ.
შეხლა-შემოხლის შემთხვევები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, დემონსტრანტთა დაშლის მცდელობისას პოლიცია იყენებდა ხელკეტებს და ცრემლმდენ გაზს.
საპროტესტო აქციების ფონია კვლავ გაღრმავებული დაძაბულობა ირანის ატომური პროგრამის გარშემო. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს კიდევ ერთ მასშტაბურ დარტყმას ირანზე, თუკი თეირანი აღადგენს თავის სარაკეტო ან ბირთვულ პროგრამას. ტრამპის ვარაუდით, ირანის ხელისუფლება აშშ-ის მიერ ივნისში განხორციელებული დარტყმის შემდეგ შესაძლოა თავისი შეიარაღების პროგრამის აღდგენაზე მუშაობდეს ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში არსებულ ობიექტებზე - წერს სააგენტო Reuters-ი. ირანი - რომელმაც ივნისში 12-დღიანი ომი აწარმოვა ისრაელთან - ახლახან აცხადებდა, რომ მიმდინარე თვეში ორჯერ ჩაატარა სარაკეტო სწავლება.
ამასთან, ტრამპმა, რომელსაც ირანის შესახებ კითხვა დაუსვეს, ილაპარაკა ამ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ინფლაციაზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი აქციების მთავარი მიზეზი ცხოვრების პირობების გაუარესებაა, აქციებს აქვს პოლიტიკური ქვეტექსტიც - უკმაყოფილება ისლამური რესპუბლიკის რეჟიმით. ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების წინა ტალღა 2022 წელს იყო - როგორც რეაქცია ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილზე. იმ აქციებს მკვეთრად პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
ირანის გენერალურმა პროკურორმა მშვიდობიან აქციებს კანონიერი უწოდა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პასუხი გაეცემა არეულობის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მზადყოფნას გამოთქვამენ დიალოგისთვის მშვიდობიანი აქციების მონაწილეებთან.
ასევე ნახეთ ირანში დააკავეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი