უკრაინა უარყოფს დარტყმას ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასტუმროზე

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ სოციალური ქსელებით 1 იანვარს გაავრცელა ფოტო სასტუმროსი, რომელზეც, მისი მტკიცებით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო

რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს ხერსონის ოლქის სოფელ ხორლიში მდებარე სასტუმროზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში, რომლის შედეგად, რუსეთის თანახმად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა ამას უარყოფს.

სოფელი ხორლი შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს, 2 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორლიში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, სამედიცინო დაწესებულებაში კი იმყოფება 31 ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი.

ასევე ნახეთ იყო თუ არა უკრაინული დრონების იერიში ვალდაიში?

ხორლიში მდებარე სასტუმროსა და კაფეზე უკრაინული დრონებით დარტყმისა და სულ მცირე 24 ადამიანის სიკვდილის შესახებ 1 იანვარს განაცხადა რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ. მისი მტკიცებით, 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამით სამი უკრაინული დრონით დარტყმა იყო სასტუმროსა და კაფეზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ.

ზოგიერთი ტელეგრამ-არხის ცნობით, დაღუპულებს შორისაა ადგილობრივი პოლიციის ყოფილი უფროსი სერგეი ბოგანი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია 2 იანვრის დილის მდგომარეობით, დადასტურებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ხორლის სასტუმროზე დარტყმა უარყვეს.

გენშტაბის წარმომადგენელმა დმიტრო ლიხოვიმ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, რომ თავდაცვის ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავენ და უტევენ მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო სამიზნეებს, რუსეთის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს და სხვა კანონიერ სამიზნეებს, რათა შეამცირონ აგრესორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი.