ტრამპი: მადუროს ნიუ-იორკში ჩაიყვანენ

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი ნიუ-იორკში ჩაჰყავთ, აშშ-ის სამხედრო ხომალდით Iwo Jima,თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში.

გავრცელებული ვარაუდით, მადურო და მისი ცოლი ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს და შემდეგ ხომალდზე გადასვეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის თქმით, ნიუ-იორკში ორივე მათგანს ბრალს წაუყენებენ.

მათ ბრალად ედება ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები - წერს ბონდი პლატფორმაზე X. კონკრეტულად, მადუროს ადანაშაულებენ "ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში" და "კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში". მას ასევე ბრალად ედება ავტომატური იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობა.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი: მადურო, ცოლთან ერთად, გაყვანილია ვენესუელიდან

საბრძოლო ხომალდი Iwo Jima 1960-იან წლებში შეიქმნა უწინარესად საზღვაო ქვეითების გადაყვანისა და ვერტმფრენების გადაზიდვის მიზნით. ამ ტიპის ხომალდი ცნობილი გახდა ვიეტნამის ომში წარმოებული ოპერაციებით, ასევე როგორც მაშველი ხომალდი აპოლოს კოსმოსური მისიებისთვის.

Fox News-სთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ერთი კვირის წინ მადუროს დაურეკა და მოუწოდა დანებებულიყო.

"მე მას თავად ველაპარაკე, მაგრამ ვუთხარი, უნდა დათმო, უნდა დანებდე-მეთქი", - ამბობს ტრამპი. თუმცა, მისი თქმით, მადურომ ამაზე უარი განაცხადა.

3 იანვარს, დილით ტრამპმა დაადასტურა ვენესუელაზე თავდასხმა.

ასევე ნახეთ რუსეთი და ირანი გმობენ აშშ-ის თავდასხმას ვენესუელაზე