როგორც, ადვოკატი და ახლობლები ჰყვებიან, მენთეშაშვილმა 31 ოქტომბერს თქვა საჭმელზე უარი, ჭავჭანიძემ - 19 ნოემბერს. თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ორი პატიმრიდან: „ერთი (რომელი არ დაუზუსტებიათ რ.თ.) არ ირიცხება მოშიმშილეთა სიაში, მეორე სრული შიმშილობიდან გადავიდა არასრულზე“.
არასრული შიმშილობა - მდგომარეობა, როდესაც მიღებული საკვები არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით; ასე განმარტავს ამ ტერმინს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის ბრძანება.
„სამასამდე წერილი მომივიდა, ლამის ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება - დაანებე შიმშილს თავი, დაანებე შიმშილს თავი, მაგრამ რა ვქნა, კახელი ვარ, ჯიუტი“, - ამბობს ზურაბ მენთეშაშვილი. მისი ეს სიტყვები აქტივისტმა ნათია თოხაძემ ჩაიწერა, ორივე ზურაბ მენთეშაშვილიცა და ზურაბ ჭავჭანიძეც, მას დროდადრო ციხიდან ურეკავენ.
ზურაბ მენთეშაშვილი 61 წლისაა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პროდასავლური აქციების ყოველდღიური მონაწილე 31 ოქტომბერს, ქუჩის გადაკეტვის გამო დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით.
იმის გამო, რომ ის მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მას შეეხო კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ინიციირებული და დაჩქარებული წესით მიიღო სადავო პარლამენტმა. კანონის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ გზის გადაკეტვა, ბავშვის ყიდვა, საფლავის წაბილწვა - კიდევ რა ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით?ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა დაკავების დღიდანვე დაიწყო.
„თუ გამომიშვეს, ერთი-ორი დღე რეაბილიტაცია დამჭირდება და მერე პარლამენტის წინ გავაგრძელებ შიმშილობას“, - ამბობს ზურაბი, - „ძალიან ძლიერი თავბრუსხვევა მაქვს, დავცემულვარ არაერთხელ... ვშიმშილობ იმიტომ, რომ მოქალაქეებს, სახლში რომ არიან წამოწოლილები და თანამოაზრეებად თვლიან თავს, ხმა მივაწვდინო“.
ზურაბ მენთეშაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ მენთეშაშვილი და ჭავჭანიძე ერთ საკანში სხედან.
მოშიმშილეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ადვოკატის მოთხოვნა, ზურაბ მენთეშაშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, 59 წლის ზურაბ ჭავჭანიძემ შიმშილობა 19 ნოემბერს დაიწყო. ერთი პერიოდი, წყალსაც არ სვამდა.
ბოლოს ნათია თოხაძე მას 9 იანვარს ელაპარაკა, უთხრა "გადასხმა გავიკეთე და თავს უფრო ყოჩაღად ვგრძნობო".
ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის აქციაზე
ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლე მარინა გორჯელაძე ამბობს, რომ ახლა ზურა მშრალ შიმშილობაზე აღარ არის, სითხეს, წვენებს სვამს და... ჯვრებს აკეთებს.
„ზურა სეზონურად მუშაობდა სხვადასხვა საქმეზე. ისე, თვითნასწავლი მხატვარია. ახლაც ციხეში ჯვრებს აკეთებს, რისგან არ ვიცი, ასანთისგან თუ ხისგან. 35 წელია დროშას აფრიალებს. აფხაზეთის დაკარგვის მერე სულ განიცდიდა. ომის დროს მისი თანამებრძოლები რომ იღუპებოდნენ, შინდისფერი დროშით გაასვენებდნენ ხოლმე. ის დროშა დღემდე შენახული აქვს“, - ამბობს მარინა.
9 იანვარი ზურაბ ჭავჭანიძისთვის შიმშილობის 52-ე დღეა, ზურაბ მენთეშაშვილისთვის კი 71-ე.
შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მათ, პატიმრობაში მყოფმა მედიამენეჯერმა, გამოცემა „ბათუმელებისა“ და ონლაინპლატფორმა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა მზია ამაღლობელმაც მიმართა: „ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა. ეს ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვით, არსად არ წავა. მე დღესაც მიჭირს მოვერიო ამ ბრაზს, მაგრამ მთავარია გადარჩე, გადარჩე, რადგან გარეთ მყოფებს უფრო უჭირთ ჩვენ გამო“.
მზია ამაღლობელმა თავადაც იშიმშილა 38 დღე. მან დაკავების მომენტიდან დაიწყო შიმშილობა. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ვივამედიდან“ კი პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დააბრუნეს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, მას პატიმრობაში ყოფნისას გადასცეს სახაროვის პრემია და სხვა არაერთი ჯილდო.
სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ზურაბ მენთეშაშვილი დეკემბერში სხვა პატიმრებთან ერთად მოინახულეს, მას რამე პრეტენზია არ გამოუთქვამს. აპირებენ ზურაბ ჭავჭანიძის მონახულებასაც.