ტრამპი გრენლანდიის თავდაცვაზე: ძაღლების ორი მარხილია

დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების, "სირიუსის" ძაღლები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიას შეერთებული შტატები "არ წაიღებს", ამის გაკეთებას შეძლებენ რუსეთი ან ჩინეთი, ვინაიდან, როგორც ტრამპმა თქვა, კუნძულს ფაქტობრივად არ გააჩნია თავდაცვა.

"თავისი არსით მათი თავდაცვა ძაღლების ორი მარხილია, იცით ამის შესახებ? იცით რა არის მათი თავდაცვა? - ძაღლების ორი მარხილი", - უთხრა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს.

ტრამპის თქმით, გრენლანდიას ურჩევნია გარიგების დადება, რათა არ დაუშვას მოსკოვისა და პეკინის გავლენის გაძლიერება.

ასევე ნახეთ ტრამპი: აშშ-ს სჭირდება გრენლანდია, რათა მას რუსეთი ან ჩინეთი არ დაეპატრონონ

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, საუბარია სწორად იმაზე, რომ აშშ-მა "წაიღოს" გრენლანდია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მტკიცებით, ამას რუსეთი და ჩინეთი იზამენ. "ეს ვერ მოხდება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის აუცილებლობას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ხსნის.

ამერიკელი ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან გრენლანდიაში დანიასთან შეთანხმებების საფუძველზე. თუმცა ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

დანია და ევროკავშირის ქვეყნები დიდი შეშფოთებით აკვირდებიან ტრამპის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების უახლეს განცხადებებს. გასულ კვირაში ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა და გაერთიანებულმა სამეფომ - ნატოში აშშ-ის მოკავშირეებმა - გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვეს, რომ მხოლოდ დანიას და გრენლანდიას შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ კუნძულის ბედი. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიაში ძალის გამოყენება ნატოს დასასრულს ნიშნავს.

ასევე ნახეთ ტრამპი, გრენლანდია და ნატო - როგორ იქნება არქტიკის ახალი პოლიტიკური რუკა?

გრენლანდიის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს: „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კუნძულის მომავალს მხოლოდ მისი მაცხოვრებლები გადაწყვეტენ გარე ჩარევის გარეშე. დეკლარაციას ხელი მოაწერეს როგორც დამოუკიდებლობის მომხრეებმა, ასევე დანიასთან კავშირების შენარჩუნების მხარდამჭერებმა.

გრენლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 57 000-ია, ძირითადად ესენი არიან ინუიტები (გრენლანდიელი ინუიტების მოძველებული სახელი, რომელთა მშობლიური სახელია კალაალიტი), არიან ასევე წარმოშობით დანიელები და ისლანდიელები.

ძაღლების მარხილები, რომლებზეც ტრამპი საუბრობს, ეკუთვნის დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ელიტურ დანაყოფ „სირიუსს“, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდიდან პატრულირებს გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.