იულია ტიმოშენკოს ქრთამის შეთავაზებაში ადანაშაულებენ

ფოტო არქივიდან: იულია ტიმოშენკო

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ 14 იანვარს თავდაპირველად განაცხადეს, რომ კორუფციაშია ბრალდებული უმაღლესი რადის ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი.

აცხადებდნენ, რომ საქმე ეხებოდა სხვა პარლამენტის ფრაქციების რამდენიმე წევრისთვის ქრთამის შეთავაზებას კონკრეტული კანონპროექტების მომხრედ ან წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ.

მოგვიანებით ფრაქცია "ბატკივშინას" თავმჯდომარემ იულია ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ მისი ოფისი გაჩხრიკეს. მისი თქმით, 30 ადამიანი მივიდა პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

"ვერაფერი იპოვეს, ამიტომ უბრალოდ წაიღეს სამსახურებრივი ტელეფონები, პარლამენტის დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რომელიც ოფიციალურ დეკლარაციაშია ასახული", - დაწერა ტიმოშენკომ ფეისბუკის გვერდზე და ბრალდება უარყო.

უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკის ამსახველი კადრები გაავრცელეს.

2025 წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრებისგან, რომლებიც „სისტემატურად იღებდნენ ქრთამს უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემისთვის“. ანტიკორუფციული პროკურატურის მტკიცებით ქრთამის ოდენობა დამოკიდებული იყო „ხმის მიცემის ეფექტურობის ინდიკატორზე“ და 2000 აშშ დოლარიდან 20 000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

საქმეზე ხუთი დეპუტატია ეჭვმიტანილი, მათ ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

ასევე ნახეთ

ბუდანოვი: მზადდება ჯარების დაკომპლექტებაში არსებული კორუფციის საწინააღმდეგო ზომებიუკრაინის ანტიკორუფციული სამსახურები ჩხრეკას ატარებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან„მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?ევროპელი პარტნიორები უკრაინისგან მოითხოვენ კორუფციასთან გადამწყვეტ ბრძოლასარმიიდან ზელენსკიმდე - როგორ შეძრა უკრაინა კორუფციულმა სკანდალმა