რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საერთაშორისო კრუიზების აღდგენას აზოვის ზღვაზე, რომელზე სრული კონტროლიც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაამყარა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლება. მანამდე მარიუპოლსა და ბათუმს შორის არსებობდა საკრუიზო მარშრუტი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს“, - ნათქვამია დოკუმენტებში.
დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი კრუიზისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს გემი „მუსტაი ქარიმი“. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ამ თბომავალს გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ.
რუსეთმა მარიუპოლის ოკუპაცია მოახდინა 2022 წელს სასტიკი ბრძოლების, ხანგრძლივი ბლოკადისა და მასირებული დაბომბვის შემდეგ. გაეროს შეფასებით, ქალაქში მრავალსართულიანი შენობების 90%-მდე და კერძო სახლების 60%-მდე დაზიანდა ან განადგურდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთმა მოახდინა ანექსია უკრაინის ოთხი ოლქის, მათ შორის დონეცკის ოლქის, რომლის ნაწილიცაა მარიუპოლი.
„რია ნოვოსტი“ წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ.
თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელსაც 2023 წელს ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ, შესაძლოა, ამ წლის გაზაფხულზე საქართველოში დაბრუნდეს.
„ასტორია გრანდე“, რომლის ბორტზეც ვლადიმირ პუტინისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერი ტურისტები და არტისტები იმყოფებოდნენ, პირველად 2023 წლის ივლისში შევიდა ბათუმში - მას იქ საპროტესტო აქციით დახვდნენ. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით, პოლიციამ 23 დემონსტრანტი დააკავა, მოგვიანებით მედია იტყობინებოდა, რომ ბათუმი ამოიღეს იმ პუნქტების სიიდან, სადაც ლაინერი ჩერდებოდა თავის მარშრუტზე.
ასევე ნახეთ ჰქონდა თუ არა აზრი? - ბათუმური პროტესტი ზღვით შემოსული რუსი მგზავრების წინააღმდეგლაინერის საწინააღმდეგო აქციას მოჰყვა რუსი ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მედიის კრიტიკის ტალღა. აქციის მონაწილეების საქციელი გააკრიტიკა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ და ამჟამად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ეკონომიკურ ზარალზეც გაამახვილა ყურადღება. ლაინერის თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, - თქვა მან.