კიევი კომბინირებული თავდასხმის ქვეშაა

გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი კიეველების ნაწილი ეზოში კოცონთან თბება.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, კიევს რუსული დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმა, ქალაქის ზოგ რაიონში გაითიშა ელექტროენერგია.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, კიევში ერთი ადამიანი დაშავდა რუსეთის კომბინირებული თავდასხმის შედეგად.

დაზიანებულია რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა, ავტოსადგომზე დრონის დაცემის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი გახდა სასაწყობე ნაგებობები.

კლიჩკოს თანახმად, კიევის მარცხენა სანაპიროს ნაწილში შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, სოციალური ინფრასტრუქტურული ობიექტები ავტონომიური კვების რეჟიმში გადაიყვანეს.

აფეთქებები ისმოდა დნეპრშიც.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასირებული თავდასხმისთვის ემზადება და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ განგაშის გამოცხადების შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო უწყება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას არ გამოხმაურებია.

ასევე ნახეთ FT: აშშ-ში განიხილავენ "სამშვიდობო საბჭოს" საქმიანობის უკრაინისთვისაც გაფართოებას