სტრასბურგის სასამართლომ „აგენტების კანონის“ აქციებისას დაკავებული დემონსტრანტის უფლებების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა - საქმე დემონსტრანტ გიორგი მექვაბიშვილს და 2023 წლის მარტის მოვლენებს ეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლომ) დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია დემონსტრანტ გიორგი მექვაბიშვილის უფლებები, როდესაც იგი 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციისას დააკავეს „პოლიციის დაუმორჩილებლობის“ მუხლით და დააჯარიმეს.

სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მექვაბიშვილისთვის 2265 ევროს გადახდა დააკისრა.

გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მოგვიანებით სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა, პოლიციის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძველზე.

მომდევნო ინსტანციის სასამართლოებმა კი გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს, - საქმის მასალების თანახმად, ძირითადად დამკავებელი პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ მექვაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სამართალწარმოება უსამართლო იყო და მისი მშვიდობიანი შეკრების უფლება დაირღვა.

ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა ლექსო მაჭავარიანის დაკავების საქმეზე

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციელის ჩვენება, მაშინ როდესაც არ იყო წარმოდგენილი არც სხეულის კამერით გადაღებული და არც სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები - ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულებები.

დემონსტრანტი მიუთითებდა, რომ იგი ტროტუარზე იდგა (იმ დროს ტროტუარზე აქციის გამართვა აკრძალული არ ყოფილა) და არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობიანად აპროტესტებდა „აგენტების კანონს“ - რომელსაც „რუსული კანონის“ სახელით იცნობენ. აქციების შედეგად კანონი გაიწვიეს, 2024 წელს კი ხელახლა მიიღეს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ შიდა სასამართლოებმა ფაქტობრივად მოითხოვეს განმცხადებლისგან თავისი უდანაშაულობის დამტკიცება - როდესაც მტკიცების ტვირთი მათზე უნდა ყოფილიყო.

მოქალაქე ითხოვდა 2000 ლარის ეკვივალენტი თანხის - 665 ევროს - ანაზღაურებას და ასევე 2000 ევროს ოდენობით არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.

2023 წლის 7-8 მარტის აქციის კონტექსტთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დემონსტრაცია მთლიანობაში მიზნად არ ისახავდა პარლამენტის საქმიანობის ხელშეშლას;

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მომჩივანი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში; ასევე, სადავო არ არის, რომ 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ემსახურებოდა საჯარო ინტერესს.

ასევე ნახეთ „სირცხვილიას“ წევრებმა სტრასბურგში მოიგეს შეშის გამო დაკავებისა და დაჯარიმების საქმე

„აღსანიშნავია, რომ გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

„საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო გაუარესდა, რაც მოიცავს მათ შორის სანქციების გამკაცრებას გამოხატვის/შეკრების თავისუფლების ნაწილში, მტკიცების ტვირთის შებრუნებას და მის დაკისრებას პირზე“, - აღნიშნავს საია.