ჯგუფური ძალადობის ბრალდება წაუყენეს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს

საქართველოს პროკურატურა

ორი ძალოვანი უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯგუფური ძალადობის ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების მიხედვით, 19 იანვარს ამ ორი სამინისტროს ორმა თანამშრომელმა, თანმხლებ ორ ადამიანთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელსა და მათ თანმხლებ პირს.

„TV პირველის“ ცნობით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შორის ჩხუბი მუსიკის გამო მოხდა. ერთ ნაწილს რუსული პოპ მუსიკის შემსრულებლის მიხეილ შუფუტინსკის მოსმენა სურდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით. რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, უცნობია.