შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც ტრამპმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი მიდგომის შემუშავების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებს ტარიფებს არ დააწესებდა, შესაძლოა, განხილულიყო გრენლანდიის მცირე ტერიტორიის სუვერენიტეტის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის შესაძლებლობა სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის. ეს აუცილებელია, კერძოდ, დავოსში ტრამპის მიერ სიტყვით გამოსვლისას ხსენებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის განსახორციელებლად.
ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით წერს სხვადასხვა მედია, მათ შორის, The New York Times-ი და CNN-ი. ნატოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით CNN-ს განუცხადა, რომ ეს ერთ-ერთი განხილული იდეა იყო. New York Times-მა დააზუსტა, რომ ის რიუტემ წამოაყენა. შეხვედრის მონაწილე ორმა ოფიციალურმა პირმა გაიხსენა კვიპროსში ბრიტანული ბაზების არსებობა - ამ ბაზების ტერიტორია ბრიტანეთისად მიიჩნევა.
საუბრის დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა. ნატომ მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარის პასუხად განაცხადა, რომ „დანიას, გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გრენლანდიაში ეკონომიკური ან სამხედრო საყრდენები ვერ მოიპოვონ“. ამასთან, ნატოს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს რიუტეს არ შეუთავაზებია „არანაირი კომპრომისი კუნძულზე სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით“.
დავოსში რიუტესთან შეხვედრამდე წარმოთქმულ სიტყვაში ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხის ძალის გამოყენებით მოგვარებას არ აპირებდა.
ასევე ნახეთ ტრამპი დავოსში გრენლანდიაზე: არ მჭირდება ძალის გამოყენება. არ მინდა ძალის გამოყენება. არ გამოვიყენებ ძალასთავად რიუტემ 21 იანვარს განაცხადა, რომ ტრამპთან განიხილა არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები. მან ასევე დაადასტურა, რომ ყურადღების ცენტში იყო საკითხი, როგორ აირიდონ თავიდან გრენლანდიაში რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების გაძლიერება.
22 იანვარს დავოსში გამოსვლისას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას, თავი შეიკავოს ტარიფების დაწესებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან. მან დადებითად შეაფასა ასევე, აშშ-ის განზრახვა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის საფრთხეებს არქტიკაში.