კობახიძე: ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სწორი ანალიზის შედეგად არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია საჯარო დებატების გამართვა.

კობახიძე განსხვავებული აზრის „ჩახშობაში“ ევროპელ „არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს“ ადანაშაულებს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღებულმა კანონებმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ამავე მოსაზრებაში ის აღნიშნავს, რომ დებატებს საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან სატელევიზიო დებატები:

„მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო - მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია“.

კობახიძე საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობის გადაწყვეტილების შემსრულებელ „მთავარ მედროშედ“ „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას ასახელებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფინანსური კრიზისის გამო „მთავარმა არხმა“ მუშაობა შეწყვიტა, გვარამია კი მეორედ არის ციხეში. მის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი საქმე.

„მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება“.

დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს შექმნაში „ქართული ოცნების“ ლიდერი საკუთარი გუნდის პასუხისმგებლობას მხოლოდ მის „გამოსწორებაში“ ხედავს:

„ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.

უკვე მე-14 წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. განსაკუთრებით ბოლო ორ წელში მიღებული კანონებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. დემონსტრაციების ტროტუარზე გამართვის წესიც კი კანონით განსაზღვრეს. გარდა ამისა, ახალი კანონებით მედიასაშუალებებს შეზღუდული წვდომა აქვთ გრანტებზე.