„ნებისმიერ ფორმატში“ - ზურა ჯაფარიძე მზადაა ირაკლი კობახიძესთან დებატების გასამართად

ზურა ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე მზად არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დებატების გასამართად.

„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, - დაწერა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკში და ირაკლი კობახიძის ოფიციალური გვერდი მონიშნა.

დღეს, 22 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებისა და აზრის გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კობახიძე განსხვავებული აზრის „ჩახშობაში“ ევროპელ „არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს“ ადანაშაულებს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღებულმა კანონებმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს შექმნაში „ქართული ოცნების“ ლიდერი საკუთარი გუნდის პასუხისმგებლობას მხოლოდ მის „გამოსწორებაში“ ხედავს:

„ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.

ასევე ნახეთ კობახიძე: ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება

უკვე მე-14 წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. განსაკუთრებით ბოლო ორ წელში მიღებული კანონებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. დემონსტრაციების ტროტუარზე გამართვის წესიც კი კანონით განსაზღვრეს. გარდა ამისა, ახალი კანონებით მედიასაშუალებებს შეზღუდული წვდომა აქვთ გრანტებზე.