საქმე ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებისას დამკვირვებელთა მიერ კენჭისყრის ფარულობის მასობრივად დარღვევად შეფასებულ გარემოებებს.
„სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით გვამცნობს, რომ საჩივარს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს“, - იუწყება საია 22 იანვარს გვიან ღამით გავრცელებული მოკლე პრესრელიზით. მისი ცნობითვე, საქმის დეტალებს ხვალ გააცნობს საზოგადოებას.
სტრასბურგის სასამართლომ ორგანიზაციის წარდგენილი საჩივარი 2025 წლის მარტში დაარეგისტრირა.
საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი - თავისუფალი არჩევნების უფლება.
ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ „მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი“.
ამასთან, საიას თანახმად, საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
ასოციაციის ცნობით, საჩივარში მითითებულია ისიც, რომ ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებობს „ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს“ და იგი „არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს“.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე - საიასაიას შეფასებითვე, ეს საჩივარი „პრეცედენტულია“:
- ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
- ამის საფუძველი იყო ბიულეტენზე მარკერის სითხის „გაჟონვა“ უკანა მხარეს - რის შედეგადაც ბიულეტენებში ასახული არჩევანის ამოცნობა შესაძლებელი იყო, მათ შორის - ბიულეტენების მთვლელ მანქანაში შეცურების მომენტში.
- არჩევნების შემდგომ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, თეთრ თაბახზე დახატული შავი წრე კი გაჟონილი ბიულეტენებისა და არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა.
- ხმის მიცემის ფარულობა საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.