22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპის ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ მის ინტერესებს ყიდიან, თავში წამორტყმის ღირსი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა „ვიქტორი“, ამ სახელის კი ევროპაში ერთადერთი მოქმედი ლიდერია: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
“ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულით ცხოვრობს და ამავდროულად ცდილობს ევროპული ინტერესების გაყიდვას, იმსახურებს კინწისკვრას. და თუ ის თავს კომფორტულად გრძნობს მოსკოვში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავუშვათ ევროპული დედაქალაქების პატარა მოსკოვებად ქცევა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის ფორუმზე გამოსვლისას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით უპასუხა. ვიქტორ ორბანმა დაწერა, რომ ის „თავისუფალი ადამიანია, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება“, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, „სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და ოთხი წლის განმავლობაში არ შეუძლია ან არ სურს ომის დასრულება“, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს „ყველა შესაძლო დახმარებას“ უწევს.
„რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს, თქვენი გულმოდგინებით შერჩეული შეურაცხყოფის მიუხედავად, კვლავ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას, ასევე უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მხარდაჭერას. დანარჩენს თავად ცხოვრება გადაწყვეტს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, - დაწერა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება, თუმცა ბრიუსელის ზეწოლის ან მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც შეუერთდა სანქციებს.
2025 წლის ნოემბერში ორბანი რუსეთის დედაქალაქშიც ჩავიდა. ვლადიმირ პუტინთან მისი მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა; მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს. მანამდე ის მოსკოვს 2024 წლის ზაფხულშიც ეწვია. მაშინ უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ვიქტორ ორბანმა თავისი ვიზიტის მიზნად „სამშვიდობო მისიის“ განხორციელება დაასახელა.