დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა

კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, რეიჩელ რივსი მომავალ კვირაში ჩინეთში ჩავა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად. როიტერსის მოსაზრებით, ეს მიუთითებს ლონდონის ძალისხმევაზე გააძლიეროს კავშირები მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე.

დიდ ბრიტანეთს იმედი აქვს, რომ ჩინეთს მიჰყიდის საფინანსო მომსახურების პროდუქტებს, მაგალითად, პენსიების, დაზღვევის და ქონების მართვის სამსახურებს, ფეშენებელურ მანქანებს და სამოსს, ასევე ვისკის.

ჩინეთი ინვესტიციებს ვერ ახორციელებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, მაგალითად, ატომურ ელექტროსადგურებში და მთავარ მობილურ ქსელებში, თუმცა მას ინვესტიციები ჩადებული აქვს განახლებადი ენერგიის სისტემებში, ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებაში.

რივსი სტარმერს და ბიზნესლიდერებს შეუერთდება მომავალ კვირაში დაგეგმილ ტურნეში, რომელიც 2018 წლის შემდეგ იქნება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში. ამ ცნობას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტარმერის ვიზიტამდე ჩინეთში ჩავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომელმაც დადებითად ისაუბრა პეკინთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ხელმძღვანელობის შესახებ.

ჩინეთში მიმავალ დელეგაციაში ხელისუფლების უმაღლესი პირების ჩართვა აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ვიზიტის ფონია დაძაბულობა ბრიტანეთსა და მის უახლოეს მოკავშირეს, აშშ-ის შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაორდინარული მიდგომების გამო ვაჭრობის და თავდაცვის საკითხებთან - წერს სააგენტო.

ასევე ნახეთ სტარმერი: პარლამენტში კენჭისყრის გარეშე უკრაინაში ჯარები არ გაიგზავნება