ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, მის პრემიერს კი "გუბერნატორი" უწოდა

დონალდ ტრამპი. ჯოინტ ენდრიუსის ბაზა, მერილენდი. 13 იანვარი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ 100%-იან ტარიფს დაუწესებს კანადას, თუ ის სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან. მან გააფრთხილა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომ ამ გარიგებით ის საფრთხეს შეუქმნის თავის ქვეყანას.

„ჩინეთი ცოცხლად გადაყლაპავს კანადას, მთლიანად გადასანსლავს, დაანგრევს მის კომპანიებს, სოციალურ ქსოვილს და ცხოვრების ზოგად წესს,“ დაწერა ტრამპმა სოცქსელ Truth Social-ში. „თუკი კანადა ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფები კანადის ყველა საქონელს და პროდუქტს, რაც აშშ-ში შემოდის“.

ტრამპის თქმით, ჩინეთი შეეცდება, კანადა გამოიყენოს აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ასავლელად. „თუკი გუბერნატორი კარნი (იგულისხმება პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი - რედ.) ფიქრობს, რომ კანადას აქცევს ჩინეთისთვის „მიმღებ პორტად“ შეერთებულ შტატებში საქონლისა და ნაწარმის გასაგზავნად, ის ძალიან ცდება,“ დაწერა ტრამპმა.

როგორც Reuters-ი შენიშნავს, უკანასკნელ დღეებში აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები გაუარესდა.

ხუთშაბათს ტრამპმა კანადას გაუუქმა მიწვევა თავის „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად. ეს ცვლილება მოჰყვა კარნის გამოსვლას დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მან ღიად დაგმო ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურ ინტეგრაციას იარაღად და ტარიფებს ბერკეტად იყენებენ.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა