ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელმძღვანელობით მოქმედ ბელარუსის რესპუბლიკას უწოდა რუსეთის გენერალური გუბერნია და თქვა, რომ "ლუკაშენკას თეთრ შპიცს ახლა მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელარუსელ ხალხს".
ზელენსკის თქმით, ბელარუსში 2020 წელს მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები იმსახურებდა მეტ მხარდაჭერას ევროპის მხრიდან. მისი განცხადებით, უკრაინა, რომელიც ახლა რუსეთის აგრესიას იგერიებს, შესაძლოა იყოს იმის მაგალითი, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი ნების ჩახშობა შეუძლებელია. ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ თავისუფლებას ბელარუსელი ხალხიც მიაღწევს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ბელარუსის ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, მათ შორის პრაქტიკული ნაბიჯებით.
გარდა ზელენსკისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი. თავის გამოსვლაში ნაუსედამ თქვა, რომ თავისუფლების ნებამ, რომლის წინააღმდეგ 1863 წელსაც განხორციელდა რეპრესიები, რუსეთისგან "სამუდამოდ გამიჯნა" ოთხი ხალხი - ლიეტუველები, პოლონელები, უკრაინელები და ბელარუსელები.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 1863 წელს ამბოხებულთა ხსოვნას წინა დღეს ვარშავაში მიაგო პატივი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
ზელენსკის თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პირველ რიგში განიხილეს რუსეთის დარტყმების შედეგად დაზარალებული უკრაინის ენერგეტიკის საკითხები.
ასევე ნახეთ ბელარუსის მიმართ ვაშინგტონი კარგ პოლიციელს თამაშობს, ხოლო ბრიუსელი - ცუდს