25 იანვარს საღამოს ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში პისტორიუსმა განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვები უპატივცემულობაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან ბოდიში იქნებოდა წესიერებისა და პატივისცემის ნიშანი.
პისტორიუსის განცხადებით, დიდ პატივს სცემს ამერიკელების მიღწევებსა და ისეთ მოკავშირეს, როგორიც აშშ გერმანიისთვის იყო 70 წლის განმავლობაში, მაგრამ პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ქვეყანამ ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობისას დიდი მსხვერპლი გაიღო და იქ 59 გერმანელი ჯარისკაცი და 3 პოლიციელი დაიღუპნენ.
ასევე ნახეთ მწვავე კრიტიკის შემდეგ ტრამპი ბრიტანელ სამხედროებს მამაც მებრძოლებს უწოდებსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 იანვარს ტელეარხ Fox Business-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ნატოელი მოკავშირეების დახმარება არასდროს სჭირდებოდა და მართალია, მათ 2001-2021 წლებში ავღანეთში ჯარები გაგზავნეს, მაგრამ უშუალოდ ფრონტის ხაზზე არ იმყოფებოდნენ.
დონალდ ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. მან 23 იანვარს განაცხადა, რომ მსგავსი სიტყვები ტკივილს აყენებს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს. სტარმერმა პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული 457 ბრიტანელი სამხედროს ხსოვნას და ტრამპს მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს.
აშშ-ის პრეზიდენტს ლონდონიდან ისიც შეახსენეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე პუნქტი (ნატოს კოლექტიური თავდაცვა) მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოკავშირეები აშშ-ს დაეხმარნენ.
„ალ-ყაიდას“ მიერ განხორციელებული ამ ტერაქტების შემდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით ავღანეთში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ოცი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების სამხედროები.
2000-ზე მეტ ამერიკელ სამხედროსთან ერთად ავღანეთში დაიღუპნენ ნატოს არაერთი სხვა წევრის, მათ შორის კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის და დანიის სამხედრო მოსამსახურეები. ავღანეთში დაიღუპა ნატოს პარტნიორი საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურეც, რაც მისიაში ჩართული ქვეყნების მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.