უკრაინას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩად დანიშნა მიხაილო ბროდოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა მიხაილო ბროდოვიჩი. კიევს თბილისში ელჩი 2022 წლიდან არ ჰყავდა.

ზელენსკის ბრძანება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ 2026 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. 2015-2022 წლებში იყო უკრაინის ელჩი სლოვენიაში.

ასევე ნახეთ მაცივრების გამო? - უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებულიც გაიწვია

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.

2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი, რომელსაც, სიბიჰას თანახმად, „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.