მაია სანდუ: მოლდოვაში ვიცით, რომ მშვიდობას უკრაინის წინააღმდეგობას უნდა ვუმადლოდეთ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ (არქივის ფოტო)

"დღეს ევროპა კვლავ ომშია. ფაქტობრივად ორ ომში", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ერთი ომი - "ხილულია, სასტიკი და გამანადგურებელი", მეორე კი არის იმავე კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სანდუმ განაცხადა:

"რუსეთი აწარმოებს კონვენციურ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ქალაქები ნადგურდება. მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. ენერგოინფრასტრუქტურა საგანგებო სამიზნედ იქცა. ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელი ცხოვრობს სიბნელესა და სიცივეში - არა ამინდის გამო, არამედ იმის გამო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვა კრემლმა ომის იარაღად აქცია იმისათვის, რომ გაუსაძლისი გახადოს სიცოცხლე და გატეხოს ერის ნება.

უმრავლესობა ჩვენგანისთვის, ასეთი ტანჯვის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ უკრაინელებისთვის ეს ყოველდღიურობაა. და ეს ჩვენგან მოითხოვს არა მხოლოდ სოლიდარობას, არამედ პასუხისმგებლობას".

მოლდოვის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება უკრაინელების მიმართ:

"მოლდოვისთვის ეს ომი შორს არ არის. მოლდოვაში ვიცით, რომ მშვიდობას უკრაინის წინააღმდეგობას უნდა ვუმადლოდეთ.

ვიცით, რომ, თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი მოლდოვაზე არ გაჩერდება.

შესაბამისად, უკრაინის ბრძოლა ეხება მოლდოვის, რეგიონისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას".

სანდუმ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე - "სამართლიანობის გარეშე ომი არ სრულდება - ის მხოლოდ ჩერდება და ემზადება დასაბრუნებლად".

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის შემდეგ, სანდუმ მეორე - ჰიბრიდულ ომზე გაამახვილა ყურადღება:

"ეს არის ომი ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ. ის ნაკლებად ხილულია, მაგრამ არ არის ნაკლებად სახიფათო. ეს ომი მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოებების წიაღში. ეს არის ჰიბრიდული ომი. საინფორმაციო ომი. ომი ადამიანების დასაყოფად და მათი გულებისა და ტვინების გასაკონტროლებლად.

…ეს ორი ომი ერთმანეთისგან გაცალკევებული არ არის. ისინი ერთმანეთს აძლიერებს.

რუსეთის სამხედრო აგრესია და მისი ჰიბრიდული ოპერაციები ერთსა და იმავე მიზნებს ემსახურება: ძირი გამოუთხაროს, აკონტროლოს და დაყოს ევროპა.

ერთი ანადგურებს ქალაქებს, მეორე ანადგურებს ნდობას.

ერთი იყენებს რაკეტებს, მეორე იყენებს ფულს, ნარატივებს და მანიპულაციას. ამ გზით შიგნიდან მიმდინარეობს შეტევა დემოკრატიებზე.

ამ მეორე ომს ძირითადად ორი რამ ამოძრავებს: შავი ფული და ბნელი პოლიტიკა. შავი ფული კვებავს ბნელ პოლიტიკას".

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოვა კვლავაც იმყოფება ამ მეორე ომის ფრონტის ხაზზე. მაია სანდუმ დეტალურად აღწერა ჰიბრიდული ომის მიმართება მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან:

"ამ ომში ცენტრალურ ბრძოლის ველად იქცა სოციალური ქსელები. რაც მოლდოვაში ვიხილეთ, არ იყო სპონტანური გამოხატულება. ეს იყო ორგანიზებული, დაფინანსებული და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მასშტაბირებული.

ერთი - ტიკ-ტოკის 100-ზე მეტი ანგარიშით კოორდინირებული ქსელით, მოახერხეს დაახლოებით 50 მილიონი ნახვის, 100 ათასზე მეტი კომენტარისა და 1.5 მილიონი ინტერაქციის გენერაცია 2.4-მილიონიან ქვეყანაში.

მიზანი იყო ყოვლისმომცველი ბრაზისა და სოციალური კოლაფსის ყალბი შთაბეჭდილების შექმნა - მოქალაქეების მოქანცვის, შიშის გაძლიერებისა და დემოკრატიული მონაწილეობის ენთუზიაზმის ჩასახშობად. ეს არ იყო იზოლირებული შემთხვევა".

როგორც მოლდოვის ლიდერმა აღწერა, პროპაგანდის ტრადიციული არხების აკრძალვის შემდეგ, მტრული აქტორები კვლავ ადაპტირდებოდნენ:

"კრემლთან აფილირებულ სამაუწყებლო მედიასთან დაკავშირებული შინაარსი, აუდიოვიზუალური რეგულაციის სრულად გვერდის ავლით, აღწევდა პირდაპირ ადამიანების სახლებში მობილური აპლიკაციების საშუალებით.

გამოვლენის შემდეგ ეს საშუალებები არ ქრებოდა. ისინი იცვლიდნენ დომენებსა და იურისდიქციას.

ახდენდნენ რებრენდირებას და რამდენიმე დღეში აახლებდნენ მუშაობას.

ჩვენ მოწმენი ვართ პროფესიონალური, კარგად დაფინანსებული, გრძელვადიანი ოპერაციის, რომელიც დაფუძნებულია სისუსტეების სისტემატურ გამოვლენაზე, რაც ხდება ტრანსნაციონალური ინფრასტრუქტურით და რასაც აძლიერებს საკანონმდებლო ხვრელების გამოყენება".

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტმა სანდუმ სინანულით ახსენა საქართველოს კონტექსტიც:

"სიამაყით ვაცხადებ, რომ მოლდოვამ წინააღმდეგობა გაუწია ამ ორწლიან თავდასხმას, მთელი საზოგადოების ძალისხმევით. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიისადმი. მაგრამ, სინანულით ვუყურებ საქართველოს, სადაც - ქართველი ხალხის სიმამაცის მიუხედავად, რომელიც განაგრძობს დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვას - რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო, ომის შიშის ინსტრუმენტალიზაციით; გზავნილით, რომ არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაჯდებოდა.

ახლა სომხეთია იმავე სტრატეგიის სამიზნე, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტის შესუსტების, დემოკრატიულ არჩევანზე ზეგავლენის მოხდენისა და შიდა სისუსტეების გამოყენებისკენ.

ჩვენ ვდგავართ სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, რომელიც მუშაობს ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და თავისი დემოკრატიული მომავლის დასაცავად".

სანდუ ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებისგან ახალგაზრდების დაცვის საჭიროებაზე:

"თუკი გვსურს ვიყოთ დემოკრატიები, რომლებსაც შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ მანიპულაციას, უნდა დავიცვათ ახალგაზრდების თავისუფლება.

ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიისა და რეგულაციის საკითხი, არამედ დემოკრატიული მედეგობისა. ნდობა, კრიტიკული აზროვნება და მენტალური სიჯანსაღე თავისუფალი საზოგადოებისთვის აუცილებელი კომპონენტებია".

მოლდოვის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ილაპარაკა მოლდოვის ბრძოლის იმ გზებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გამოადგა ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან გასამკლავებლად:

"დეზინფორმაციის კოორდინირებული კამპანიები უნდა გამოვლინდეს და აღიკვეთოს, სანამ ისინი მოახდენენ ამომრჩევლების აღქმების ფორმირებას და დაამახინჯებენ დემოკრატიულ დებატებს. ამისთვის დაცულები უნდა იყვნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება.

გარე ჩარევისა და პროქსი აქტორები უნდა გამოვლინდნენ მანამდე, სანამ ძირი გამოეთხრება არჩევნების მიმართ ნდობას.

უკანონო პარტიული დაფინანსების აღმოჩენა უნდა მოხდეს მანამდე, სანამ მისგან სარგებლის მიმღები პირები ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვლენ".

სანდუ ფიქრობს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში "არჩევნები არის ყველაზე სუსტი და გადამწყვეტი კარი გარე მანიპულაციისთვის. სწორედ აქ შეიძლება ყველაზე სწრაფად დაამსხვრიო რწმენა, მასზე აქვს დეზინფორმაციას ყველაზე დიდი ეფექტი და სწორედ არჩევნების გავლით შეიძლება უკანონო ფული პირდაპირ ძალაუფლებად გარდაისახოს".

2026 წლის პირველ ნახევარში მოლდოვა არის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

ასევე ნახეთ

პრორუსული ძალები დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან - ინტერვიუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ? არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?რუსეთი მოლდოველ მღვდლებს ფულს უხდიდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენადროგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას5 ტაქტიკა, რომლებსაც კრემლი იყენებს 2024 წლის არჩევნებში ჩასარევად