შალვა პაპუაშვილი მიანიშნებს, ვისთან დებატებს არ აპირებს „ქართული ოცნება“

შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ლიდერი, ჟურნალისტებთან ისაუბრა, ვისთან აპირებს დებატებს ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ დრომდეც არ არსებობს კითხვა, რომელიც ოპოზიციას მათ მიმართ ჰქონდა და არ უპასუხეს.

„ამ დებატებში არის საქართველოს ხელისუფლება ისედაც განუწყვეტლივ. [ასეთია] დღეს ჩემი ბრიფინგი-კომენტარი, პრემიერ-მინისტრის, რომელიც კვირაში ერთხელ ყველა მედიასთან არის [კითხვას პასუხობს]... იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალი ოპოზიციური პარტიების ტელევიზიები არიან, ხომ იმ პარტიებთან დებატი გამოდის, როდესაც მათი მედიის წარმომადგენლები არიან მონაწილე ამგვარი ინტერაქციის“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, ვის მიიჩნევენ იმ ოპონენტებად, რომლებთან დებატებისთვისაც მზად არიან:

„ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ“.

„ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს - „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გაუქმების მოთხოვნით კი საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთია („გახარია საქართველოსთვის“), რომლის გაუქმებასაც არ ითხოვს, თუმცა მისი ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა - გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ოპონენტებზე საუბრის შემდეგ პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომელ მედიასაშუალებაში მისასვლელად არის მზად ხელისუფლებაში მყოფი პარტია.

„რადიკალების კუთვნილი ტელევიზია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რადიკალების ტელევიზიები კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ამგვარ პარტიულ ტელევიზიაში ჩვენი მონაწილეობა განვიხილოთ“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პარტიულ ტელევიზიებად მოიხსენიებს „ფორმულასა“ და „TV პირველს“.

ერთი კვირის წინ, 22 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებისა და აზრის გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კობახიძემ განსხვავებული აზრის „ჩახშობაში“ ევროპელი „არაფორმალური ოლიგარქიული მმართველები“ დაადანაშაულა მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღებულმა კანონებმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს შექმნაში „ქართული ოცნების“ ლიდერი საკუთარი გუნდის პასუხისმგებლობას მხოლოდ ვითარების „გამოსწორებაში“ ხედავს:

„ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.

ასევე ნახეთ კობახიძე: ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება

უკვე მე-14 წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. განსაკუთრებით ბოლო ორ წელში მიღებული კანონებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. დემონსტრაციების ტროტუარზე გამართვის წესიც კი კანონით განსაზღვრეს. გარდა ამისა, ახალი კანონებით მედიასაშუალებებს შეზღუდული წვდომა აქვთ გრანტებზე.