„რა მექანიზმიც უნდათ, ის მექანიზმი ჩართონ, - უნდათ მოსკოვის მექანიზმი, უნდა რუსული მექანიზმი. კარგია, რომ რუსულ მექანიზმს ამას არ ეძახიან. რაც უნდა იყოს, კი ბატონო“, - განაცხადა მან 29 იანვარს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი ლაივში“.
„კი ბატონო, აამოქმედონ... ჩვენ ვისი, რომელი ჯგუფის და რომელი რევიზორის შეგვშინებია?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
- ხუთშაბათს, 2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს „მოსკოვის მექანიზმი“;
- შესაბამისად, მათი წარმომადგენლები იწყებენ „საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
- საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს - ODIHR-ის „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან.
პაპუაშვილს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა მისი გუნდი ამ შესაძლებლობის გამოყენებას.
სადავო პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ტერმინი „მოსკოვის მექანიზმი“ „სიმბოლურია“:
„ადრე მოსკოვიდან რევიზორი რომ ჩამოდიოდა, ახლა მოსკოვის მექანიზმით რევიზორები უნდა ჩამოვიდნენ. აი, ეს არის სწორედ ის, რამაც მიიყვანა იქ, სადაც არიან დღეს“, - განაცხადა მან.
მისი თქმითვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს „არც კი ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი [სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო“: „აი აქ მიიყვანა ბრიუსელმა დღეს ევროკავშირი, რომ ისინი, როგორც გეოპოლიტიკური აქტორები აღარ არსებობენ და ჩვენნაირ პატარა ქვეყნებზე იყრიან ჯავრს“.
„რა არის, იცით? არ იქნება „მეგობარი აქტი“, იქნება ეს. არ იქნება ის, იქნება ეს და ა.შ.. სწორედ ეს აჩვენებს იმ მავნე და ბოროტ ზრახვებს, რაც საქართველოს მიმართ ზოგიერთს აქვს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა - რას ნიშნავს ესფაქტების დამდგენმა მისიამ უნდა წარმოადგინოს „ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები“. სხვა საკითხებთან ერთად, მისი ამოცანა იქნება:
- „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება“;
- „შეფასება ამ მოვლენების გავლენისა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, - რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას ეფუძნება“;
- „შემაშფოთებელი საკითხების მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემა“.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.