ნიდერლანდის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 იანვრის განცხადებას, რომელიც შეეხება ეუთოს მონაწილე 24 ქვეყნის გადაწყვეტილებას, აამოქმედონ "მოსკოვის მექანიზმი", რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.
"ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში,
ნიდერლანდი მოელის, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, "ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას."
ასევე ნახეთ ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა - რას ნიშნავს ეს„ფაქტების დამდგენი მისია“ შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
უფლებადამცველების შეფასებით, ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ეუთოს ქვეყნების გადმოსახედიდან „საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში“ გადადის.
ინიციატორი ქვეყნები არიან ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
"ეს ინიციატივა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომ რადიკალებს საკვები და სალაპარაკო თემა მუდმივად მისცენ“, - უპასუხა სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 30 იანვარს, საკითხის კომენტირებისას.
მისი სიტყვებით, მზად არიან დიალოგისთვის, "რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ". ამასთან, პაპუაშვილის შეფასებით, ეს მორიგი მაგალითია ბრიუსელის მხრიდან იმისა, "თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების (ეუთოს რედ.) გამოყენება, სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია".