იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის, რამაზ ჩინჩალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა - “შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვასთან”.
საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას იურიდიული დახმარების სამსახური აქვეყნებს. ეს სამსახური სახაზინო ადვოკატებს აერთიანებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
“ნებისმიერი ცვლილება სამსახურის მიმართ მათი აქტიური ჩართულობით და მათთან კონსულტაციის შედეგად უფრო მიზანშეწონილი და ნაყოფიერი იქნება. დიდი იმედი მაქვს, ნებისმიერი ცვლილება გააუმჯობესებს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას - დამოუკიდებლობის პრინციპის განუხრელად დაცვას“, - რამაზ ჩინჩალაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის სრულად იზიარებს მანამდე ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.
დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი ორგანოს - საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლაც - უპირატესობა ხელისუფლებას მიენიჭება. გათვალისწინებულია საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირება 9-დან 7-მდე. ამ ჯგუფში შევლენ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; გენერალური პროკურორი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; სახალხო დამცველი; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
დღემდე მოქმედი წესით კი, 9-წევრიან საბჭოში, სამ-სამ წევრს ირჩევენ: ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო და სახალხო დამცველი; ხოლო თითო-თითოს ირჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები თავიანთი ადვოკატებისგან; იუსტიციის უმაღლესი საბჭო - არამოსამართლე წევრებისგან; კიდევ ერთს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისგან.
.ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური „არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს“ და „ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე“ - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ „ინიციირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას, ასევე გააჩინოს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული კითხვები“; ხოლო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების მოდელზე ნათქვამია, რომ -„შესაძლოა, შექმნას ინტერესთა კონფლიქტის რისკები ინსტიტუციურ დონეზე“.
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, 30 იანვარს გამოქვეყნებული განცხადებით საპროტესტო აქცია დააანონსა და ქუჩაში გასვლისკენ, საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდა ყველა ადვოკატს. ხატიაშვილი ადვოკატების უფლებების შეზღუდვის საფრთხეებზე წერს.
“დუმილი არის სირცხვილი! ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ადვოკატის ინსტიტუტის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის მცდელობა,როგორც ეს არის რუსეთში, ყაზახეთში,ბელორუსიაში, იყო საბჭოთა კავშირში. საჭიროა დავდგეთ პროფესიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე!”; “იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარებით მოგვდგებიან ყველა ადვოკატს!” - წერია ხატიაშვილის განცხადებაში.
31 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ბევრი ადამიანი არ შეგროვდა. ზოგიერთმა ადვოკატმა, სოციალურ ქსელებში, წინასწარვე დაწერა, რომ - მისვლას არ აპირებდა, რადგან - როცა ხმა იყო ამოსაღები და მთელი რიგი საკითხები გასაპროტესტებელი ქვეყანაში, კოლეგების უმრავლესობა დუმდა.
მანამდე, ადვოკატთა კორპუსში დაპირისპირება იყო თავმჯდომარის არჩევის დროს. ზაზა ხატიაშვილს კომენტარებში მიუთითებენ, რომ - სცადოს და მის მიერ მხარდაჭერილი თავმჯდომარე გაიყვანოს ქუჩაში. ჩანს, რომ ადვოკატთა ასოციაციის განცხადება ზოგს შერბილებული, ფრთხილი ტონით დაწერილად მიაჩნია.
ასევე ნახეთ იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერთან ანგარიშვალდებული ხდება - ადვოკატთა ასოციაცია ამას აკრიტიკებს