ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკული მხარისგან ელიან ინფორმაციას მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ამერიკული მხარისგან ელიან ინფორმაციას მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებს მივაღწიოთ და შეხვედრები შედგეს“, - ამბობს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის 31 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, აბუ-დაბიში, პირველ თებერვალს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.

რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პირველ თებერვალს გაიმართება.

პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების აბუ-დაბიში შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპისთვის. მედია წერდა, რომ მხარეებმა, მათ შორის, განიხილეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა და "ასეთ შეხვედრასთან ახლოს არიან".

აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.

უკრაინულმა მხარემ აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გამართულ მოლაპარაკებას „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.

გამოცემა Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 24 იანვარს დაწერა, რომ განხილული იყო რუსეთის პრეტენზია დონბასზე, დავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამო და დეესკალაციისთვის ორივე მხრიდან საჭირო ნაბიჯები, მოლაპარაკება „პროდუქტიული“ იყო, მხარეები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ და არცერთი საკითხის განხილვას არ გაურბოდნენ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მეორე დღის ბოლოს „რაღაც მომენტში ყველანი თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდნენ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს საღამოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკების შესახებ უკრაინის დელეგაციის მოხსენებით განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხების სპექტრი, პირველ ყოვლისა, სამხედრო საკითხების, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად და საუბარი იყო დღემდე გადაუწყვეტელ პოლიტიკურ საკითხებზეც.