პარიზში ებრაული დაწყებითი სკოლა დაარბიეს - პროკურატურა

პარიზი - საილუსტრაციო ფოტო

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, პარიზის აღმოსავლეთში ჯერ დაუდგენელმა პირებმა ებრაული დაწყებითი სკოლა დააზიანეს - ჩაამსხვრიეს ფანჯრები და ჩამოგლიჯეს სათვალთვალო კამერა.

ინციდენტი შაბათ საღამოს მოხდა. როგორც პროკურატურა აღწერს, რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა პარიზის მე-20 რაიონში მდებარე ბეთ ლუბავიჩს - ბეთ’ჰანას დაწყებით სკოლას. „სკოლის სამი ფანჯარა ჩამსხვრეული იყო, ხოლო ვიდეოკამერა და შენობაზე მიმაგრებული დაფა - ჩამოგლეჯილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ განაცხადა, რომ დაფა მოგვიანებით ახლომდებარე მოედანზე იპოვეს და დასძინა, რომ დამნაშავეები სკოლის შენობაში არ შესულან.

ხელისუფლებამ თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის ებრაული მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანია დასავლეთ ევროპაში - დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი.

საფრანგეთის ებრაული თემის წევრების თქმით, ანტისემიტური ქმედებების რაოდენობა გაიზარდა
ისრაელზე ჰამასის 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც ისრაელის საომარი მოქმედება მოჰყვა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.