ჩეხეთში პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის მხარდამჭერთა დემონსტრაცია პრაღაში. 1 თებერვალი, 2026 წელი

პრაღასა და ჩეხეთის რამდენიმე სხვა ქალაქში 1 თებერვალს ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად.

საპროტესტო აქციები სამოქალაქო ინიციატივის „დემოკრატიის მილიონი გაელვების“ მოწოდების საპასუხოდ გაიმართა.

პრაღაში მონაწილეები ქალაქის ცენტრში, სტარომიესტკის მოედანზე და ვაცლავის მოედანზე შეიკრიბნენ. ორგანიზატორების შეფასებით, აქციაში 80 000-დან 90 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაცია ამ ქვეყანაში. შეკრებილები სხვათა შორის, გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ მარტო არ ვართ!“ ჩეხეთის რესპუბლიკის დროშის გარდა, შეკრებილებს ასევე ეჭირათ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.

პროტესტი პრეზიდენტ პეტრ პაველსა და მილიარდერ ანდრეი ბაბიშის მეთაურობით ახალ მემარჯვენე პოპულისტურ მთავრობას შორის კონფლიქტის გამწვავებამ გამოიწვია.

დავა პაველის მიერ ფილიპ ტურეკის - მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ავტომობილისტები საკუთარი თავისთვის“ საპატიო თავმჯდომარის - გარემოს დაცვის მინისტრად დანიშვნაზე უარის თქმას უკავშირდება. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტურეკის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, მისი თქმით, შეუთავსებელია მინისტრის თანამდებობასთან დემოკრატიულ სახელმწიფოში.

პაველმა ასევე საჯაროდ დაადანაშაულა საგარეო საქმეთა მინისტრი და ტურეკის თანაპარტიელი, პეტრ მაცინკა, დანიშვნის გამო მასზე ზეწოლისა და ფაქტობრივად, შანტაჟის მცდელობაში. პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს პროევროპული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან.
ნატოს ყოფილი გენერალი, 64 წლის პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2023 წლის მარტიდან იკავებს. სკანდალის ფონზე, ოპოზიცია გეგმავს, სამშაბათს კენჭი უყაროს უნდობლობის ვოტუმს მთავრობისთვის, რომელსაც პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
თუმცა, ამ ინიციატივის წარმატების შანსები მცირეა. მმართველ კოალიციას - ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს, „ავტომობილისტებს“( და ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“-ს მყარი უმრავლესობა აქვს: დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან - 108. ბაბიშმა, მიუხედავად იმისა, რომ ის პრეზიდენტთან დავაში უშუალოდ არ მონაწილეობს, ნათლად განაცხადა, რომ არ განიხილავს მაცინკას თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, როგორც ამას პრეზიდენტის მხარდამჭერები მოითხოვენ.

ასევე ნახეთ „შაჰედებზე მონადირე“ - რა აფერხებს უკრაინისათვის ჩეხური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას?