"გრანტების შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი

სადავო პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. 3 თებერვალი, 2026 წელი

სადავო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "გრანტების შესახებ" და მასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში 82 დეპუტატი მიემხრო, 10 კი წინააღმდეგი იყო. ამავე პაკეტში შემავალ კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა "ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით".

ამასთან, ცვლილებები შედის პარტიების შესახებ კანონშიც და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებშიც.

ასევე ნახეთ "გრანტების კანონის" პაკეტის განხილვა პარლამენტში გამკაცრებით დაიწყო


საკანონმდებლო ცვლილებებით: გრანტად ჩაითვლება სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის და იურიდიული პირისთვის [მათ შორის - სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, “რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”] “ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები”, რომლებიც:

  • ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ;
  • აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
  • კანონპროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირებისთვის „პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.

ცვლილებების პაკეტით:

  • „გრანტების შესახებ" კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
  • სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება „ლობიზმი“ - ფულის გადახდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის, საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების ლობირებისთვის - ამ შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.
  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

“საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება” მთავარი მიზანია, რითაც ავტორები სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს ხსნიან. ექსპერტებისთვის კი ის ხალხის საბოლოოდ გასაჩუმებელი მექანიზმია.

როგორც დღეს, 3 თებერვალს საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ცვლილებების მიზანი "ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის მაღალი ხარისხის გარანტირება და ამავდროულად, დემოკრატიის უზრუნველყოფაა".

"გრანტის მიღების დროს, გრანტის გამცემი ვალდებულია, საქართველოს მთავრობისგან აიღოს ჯერ თანხმობა და შემდეგ ისე გასცეს გრანტი. კანონის დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გრანტის ორმაგი ოდენობით". მისი სიტყვებით, ევროპელი "ბიუროკრატები ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში შემოიტანონ თანხები. შემდეგ ხშირად ვხედავთ, რომ ეს თანხები ხმარდება, მაგალითად, სიძულვილის კამპანიას, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის ხიდჩატეხილობის უზრუნველყოფას. მათ შორის, ეს თანხები გამოყენება პიროტექნიკის შესაძენად, „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი მასალების შესაძენად. გამოიყენება იმ ძალადობრივი აქციების დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ამას ყველა აკეთებს ღიად, დაუფარავად, პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა“, - თქვა გორდულაძემ.

2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ, სადავო პარლამენტმა, სხვადასხვა დროს, ათობით ახალი კანონი დაამტკიცა - ძირითადად, დაჩქარებული წესით. “ოცნებაში” არ დაუმალავთ, რომ “ხვრელების ამოვსების” ხერხს მისდევენ.

5000 ლარამდე გაზრდილ ჯარიმებს "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბერში კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაამატა. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა; ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით. დეკემბერში დაჩქარებული წესით დამტკიცებული ახალი რეგულაციებით, აქციების მონაწილეებს ტროტუარზე პროტესტისთვისაც ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ.

ასევე ნახეთ „ოცნება“ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონების გამკაცრებას აანონსებს - ყველა დეტალი ერთად