თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავები. C-130J-30 ტიპის თვითმფრინავი 2 თებერვალს ჩამოფრინდა თბილისში, MC-130J - 30 იანვარს.

მოკლედ

  • თბილისის აეროპორტში 30 იანვარს და 2 თებერვალს ორი სხვადასხვა ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა.
  • ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა - მათი ფრენის მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
  • "თვითმფრინავების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ნორმალური ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით. ისინი არ არის დაკავშირებული რაიმე რეგიონულ დაძაბულობასთან" - გვითხრეს ამერიკის საელჩოში ჩვენი კითხვის პასუხად, რა მიზნით ჩამოფრინდნენ ამერიკული ხომალდები საქართველოში.
30 იანვარს, 22:41 წუთზე თბილისში დაფრინდა ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი, აშშ-ის საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი. 2 თებერვალს კი, 22:54 წუთზე თბილისის აეროპორტში C-130J-30 დაეშვა - ის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან გამოფრინდა.

თბილისში ჩამოსული ორივე ამერიკული სამხედრო ხომალდი ტვირთის გადამზიდის ფუნქციის მატარებელია. FlightRadar24-ის მონაცემებით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.

რა ვიცით მათ მარშრუტებზე:

  • MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გამოფრენამდე გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის ავიაბაზაზე საათ-ნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა. თბილისის შემდეგ სად წავიდა, არ ჩანს, მაგრამ 31 იანვარს შტუტგარტის აეროპორტში ახორციელებს შემდეგ ფრენას.
  • FlightRadar24-ზე არ ჩანს, თბილისის დატოვების შემდეგ რა მიმართულებით გაფრინდა C-130J ტიპის სუპერ ჰერკულესი, რომელიც თბილისში 2 თებერვლის ღამეს ჩამოვიდა რამშტაინის სამხედრო ბაზიდან.