აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ირანის დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ამერიკის ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს მიუახლოვდა.
„ასოშიეიტედ პრესი“ ცენტრალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონი „აგრესიულად მიუახლოვდა“ ავიამზიდს „გაურკვეველი განზრახვით“ და „განაგრძობდა ფრენას გემის მიმართულებით, საერთაშორისო წყლებში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ დეესკალაციური ზომების მიღების მიუხედავად“.
“შაჰედ-139” ტიპის დრონი ჩამოაგდო ამერიკულმა F-35C-მ, რომელიც ირანის სანაპიროდან 500 მილზე მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნიდან“ აფრინდა. აშშ-ის სარდლობის თანახმად, მომხდარისას არ დაშავებულა არცერთი ამერიკელი სამხედრო და არ დაზიანებულა ტექნიკა.
სარდლობა აცხადებს, რომ ირანის დრონის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - ირანის ძალებმა შეურაცხყვეს აშშ-ის დროშით მცურავი, ამერიკული ეკიპაჟით დაკომპლექტებული სავაჭრო ტანკერი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიცურავდა: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების ორი გემი და Mohajer-ის ტიპის დრონი მაღალი სიჩქარით მიუახლოვდნენ გემს და მათ ტანკერზე ასვლითა და მისი დაკავებით დაემუქრნენ. გავრცელებული ცნობებით, სავაჭრო ტანკერს უსაფრთხო ზონამდე ესკორტი გაუწია ამერიკულმა რაკეტების გამანადგურებელმა USS McFall-მა, გაერთიანებული სამეფოს საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით.
აღნიშნული ინციდენტები მოხდა რეგიონში აშშ-ის სამხედრო კონცენტრაციის ზრდისა და აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებების მოლოდინის ფონზე.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან გართულებებსა და მუქარებს აღარ მოითმენენ.