ლიბიაში მოკლეს მუამარ კადაფის ვაჟი - მედია

ფოტო არქივიდან. სეიფ კადაფი სასამართლო პროცესზე ქალაქ ზინტანში. 2014 წლის მაისი

ლიბიაში მოკლეს ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამ კადაფი. მისი მკვლელობის შესახებ არაბული და დასავლეთის მედიასაშუალებები იუწყებიან კადაფის ნათესავებსა და ადვოკატზე დაყრდნობით.

3 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, 53 წლის სეიფ კადაფი ქალაქ ზინტანში, საკუთარი სახლის ბაღში მოკლეს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა.

ლიბიის ყოფილი დიქტატორის ვაჟის მრჩეველმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ მკვლელობამდე ოთხმა უცნობმა პირმა კადაფის სახლში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გათიშა.

ეს სააგენტო „ფრანს პრესს“ დაუდასტურა სეიფ კადაფის ადვოკატმაც. მისი განცხადებით, თავდამსხმელთა მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. ადვოკატის თანახმად, დაახლოებით ათი დღის წინ ერთ-ერთმა ახლო თანამოაზრემ სეიფ კადაფის აცნობა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ასევე ნახეთ ლიბიის გენშტაბის უფროსი დაიღუპა თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად

მუამარ კადაფი ლიბიას 1979-2011 წლებში მართავდა. დიქტატორის მეორე ვაჟს, სეიფ კადაფის, რომელმაც უმაღლესი განათლება ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო, ოფიციალურად არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკურ მოლაპარაკებებსა და შიდა საკითხების გადაწყვეტაში.

ადგილობრივი მეამბოხეების მიერ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ სეიფ კადაფი დააპატიმრეს და 2015 წელს სიკვდილი მიუსაჯეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულისთვის. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ სეიფ კადაფი ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 2021 წელს მან გამოაცხადა, რომ ლიბიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაიდო.

ასევე ნახეთ ათი წელიწადი უდიქტატოროდ - სადამდე მივიდა ლიბია კადაფის დამხობის შემდეგ

2011 წლიდან, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ლიბია სამოქალაქო ომის და პოლიტიკური არასტაბილურობის მდგომარეობაშია. ქვეყნის დასავლეთს, დედაქალაქ ტრიპოლის ჩათვლით, აკონტროლებს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ერთობის მთავრობა, ხოლო აღმოსავლეთს - „ლიბიის ეროვნული არმია“ გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით.

თურქეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ლიბიის კონფლიქტში ჩარევის, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოყენების გამო.