ბრალი მსჯავრდადებულებს საპატიმროში 3 თებერვალს გააცნეს. აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს ჩატარდა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასანთის კოლოფებისგან დამზადებული ბანქო
ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდადებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არ იცოდნენ, რომ ბანქოს თამაში საპატიმროში აკრძალული იყო.
მსჯავრდადებულების ინტერესების დამცველების ინფორმაციითვე, ბანქოს დასტა მათთან საკანში მჯდომმა ლიეტუველმა პატიმარმა, ასანთის კოლოფების მუყაოს ფირფიტებისგან დაამზადა. მათივე თქმით, ლიეტუველი პატიმარი ექსტრადირებულია და ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდადებულებს ბრალი წარუდგინეს გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში მომხდარი ფაქტის გამო.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლიეტუველი პატიმრის მიერ დამზადებული და მოხატული მუყაოს ფირფიტები ბანქოს დასტად შეფასდა.
ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პატიმრებისთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი პროტოკოლი მსჯავრდადებულებს მიაწოდეს მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ.
რას ამბობს არტიომ გრიბულის ადვოკატი?
პროევროპული აქციების პარალელურად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, არტიომ გრიბულს, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის 12 სექტემბერს მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა.
არტიომ გრიბული და მისი შეყვარებული ანასტასია ზინოვკინა თბილისის საქალაქო სასამართლოში
არტიომ გრიბული ამ ბრალს გამოძიებისა და სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და თვლის, რომ დაისაჯა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.
რაც შეეხება ახალ ბრალს, რომელიც მას წარუდგინეს, თავს დამნაშავედ არც ამ შემთხვევაში არ თვლის.
მისი ადვოკატი დარია სამოდუროვა რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„არტიომ გრიბულს პროკურატურა ედავება აკრძალული ნივთით სარგებლობას. გამოძიების მასალების თანახმად, ფაქტი მოხდა გასული წლის 5 ოქტომბერს. ჩვენ ჯერჯერობით საქმის მასალების დეტალებზე არ ვლაპარაკობთ დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. მომდევნო სხდომაზე ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, ვისაუბროთ დეტალებზე, სადაც მტკიცებულებების დაშვება-დაუშვებლობის საკითხი იქნება გავლილი და გვექნება ვრცელი ინფორმაცია მტკიცებულებებზე“, - ამბობს არტიომ გრიბულის ადვოკატი.
რას ამბობს სერჰი კუხარჩუკის ადვოკატი?
პროევროპული აქციებისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, სერჰი კუხარჩუკს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის 3 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატიმრობა მიესაჯა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით.
იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე სერჰი კუხარჩუკს მისთვის წარდგენილ ახალ ბრალში ცნობს დამნაშავედ, მაშინ მას საპატიმრო სასჯელი გაუხანგრძლივდება, რადგან მუხლი, რომელსაც ახლა მას გამოძიება ედავება, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
„ჩეჩინსა და გრიბულს მისჯილი აქვთ 8 წელი და 6 თვე. მათთან მოსამართლემ სასჯელი რომც დანიშნოს - 3 ან 5 წელი - ამოქმედდება სასჯელის შთანთქმის პრინციპი. ცხადია, მოსამართლეს შეუძლია, განაჩენთა ერთობლიობაც გამოიყენოს და მათ დაუმატოს სასჯელის წლები, მაგრამ რეალურად, ასეთ საქმეებზე პრაქტიკა ხომ ვიცით, რომ მძიმე სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მძიმეს. ამ საქმეში ახლა მთავარი სირთულის წინაშე სწორედ კუხარჩუკი დგას, რომელსაც 2 წელი აქვს მისჯილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერჰი კუხარჩუკის ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
სერჰი კუხარჩუკი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 15 აგვისტო, 2025 წელი
სერჰი კუხარჩუკი თავს დამნაშავედ არც უკვე მისჯილ ბრალში არ მიიჩნევდა და არც ახლა მიიჩნევს.
ამბობს, რომ არ იცოდა, რომ ბანქოს თამაში საკანში აკრძალული იყო: „რომ სცოდნოდა, არც ითამაშებდა“, - ამბობს ბექა ხოხობაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ ციხის ადმინისტრაციას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, მიემართა პრევენციული ზომებისთვის, რათა არ დარღვეულიყო ციხის დებულება და შინაგანაწესი:
„ეს პატიმრები სასჯელს იხდიან კამერით აღჭურვილ საკანში. ბანქო დაამზადა ლიეტუველმა პატიმარმა. ციხის ადმინისტრაციას ჰქონდა საშუალება, რომ ბანქოს დამზადების პროცესი შეეჩერებინა.
საქმეში დევს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამზადებს ლიეტუველი პატიმარი ბანქოს. შეეძლო ციხის თანამშრომელს, შესულიყო საკანში და შეეჩერებინა პროცესი. როდესაც უკვე კარტი ჩამოართვეს, ამის შემდეგ მოითხოვეს პატიმრებმა, რომ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნოთ და ამის შემდეგ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ჯერ საქმე აღძრეს და მერე მისცეს ჩამონათვალი თავიანთ გასაგებ ენაზე.
კუხარჩუკი ამბობს სიმართლეს. ის ამბობს, რომ მან არ იცოდა, რომ ბანქო აკრძალული ნივთი იყო. მისთვის გასაგებ ენაზე რომ ყოფილიყო ახსნილი ეს თითოეული დეტალი თავის დროზე, ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს არის ერთადერთი სიმართლე და ობიექტური მოცემულობა“.
პროკურატურას მსჯავრდადებულებისათვის წაყენებული ახალი ბრალის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლებამ დეტალების გასარკვევად დაკავშირება სცადა გენერალურ პროკურატურასთან, თუმცა მათგან პასუხი, ამ დროისათვის, არ მიგვიღია.
ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 თებერვალი, 2025 წელი
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს გაიმართება.
გლდანის მე-8, ქალთა მე-5 და რუსთავის მე-12 დაწესებულებების დებულებით, აკრძალულ ნივთთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ფული;
- ძვირფასი ნივთები;
- ქიმიკატები;
- საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი;
- ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი, ლუდი;
- სუნამო, ოდეკოლონი;
- ბასრი და მჩხვლეტავი საგნები;
- ბანქო, ფოტოაპარატები;
- აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;
- კომპასები;
- ტელეფონი;
- დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი;
- საღებავები და კოპირების ქაღალდები.
შსს-ს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე სეკუნდა მუხლით, ანუ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, სარგებლობისთვის, 2024 წელს 56 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამდენივე, 56 საქმეზე დაიწყო გამოძიება 2025 წელსაც.