აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე სტრატეგიულ, სატრანზიტო დერეფანს, რომელსაც ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის, ენერგეტიკისა და გავლენის საკითხებისთვის.
სომხეთში ვენსი 9 თებერვალს ჩავა ვიზიტით, რომელიც კონცენტრირებული იქნება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის თემატიკაზე. ვიზიტის მთავარი საკითხია "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ" (TRIPP), ანუ 43 კილომეტრის სიგრძის, გზებისა და რკინიგზის მომცველი დერეფანი სომხეთზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს და, ამავდროულად, რუსეთის და ირანის გვერდის ავლით შექმნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალ სავაჭრო არხს.
ეს სატრანზიტო გზა არის ნაწილი სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც ვაშინგტონის შუამავლობით 2025 წლის აგვისტოში გაფორმდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის, ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო.
ვენსი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ოდესმე ჩასულა სომხეთში. აზერბაიჯანს 2008 წელს ესტუმრა აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი. ეს უკანასკნელი იმ წელს საქართველოშიც ჩავიდა.
2005 წელს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, 2009 წელს - მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
ასევე ნახეთ სერიოზული საფრთხეა სომხეთისთვის - პრორუსი ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი „ტრამპის მარშრუტზე“