მარნეულის მეჩეთში ქადაგება აიათოლა ხამენეის მიუძღვნეს

„ქადაგებისას განხილულ იქნა საკითხები, როგორიცაა უზენაესი ლიდერის აღიარება, მორჩილება და დაცვა“, - წერს იმამ ალის ფონდი.

მარნეულის იმამ ალის მეჩეთში მიმდინარე კვირაში გამართული ქადაგების მთავარი საკითხი იყო „უზენაესი ლიდერი“ – ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ხუთშაბათს, 5 თებერვალს ქადაგებას უძღვებოდა ჰაჯი ჰაჯიევი – იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდი, - ესე იგი, „მასწავლებელი“, სჯულის მცოდნე. იგი აიათოლა ხამენეის პოსტერის ფონზე უძღვებოდა ლოცვას.

დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმეს ასევე დემონსტრაციულად ჰქონდა აღმართული აიათოლა ალი ხამენეის პოსტერები.

ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელა „იმამ ალის ფონდმა“, სამეწარმეო რეესტრში 2024 წელს დარეგისტირელმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფეისბუკის გვერდმა. ფონდის დირექტორი ამილ ხალილოვია.

„ქადაგებისას განხილულ იქნა საკითხები, როგორიცაა უზენაესი ლიდერის აღიარება, მორჩილება და დაცვა“, - წერს ფონდი.

ამავე წყაროს თანახმად, ჰაჯი ჰაჯიევმა [ფორმალურ დოკუმენტებში მისი სახელია გაჯი გაჯიევი] ისაუბრა პალესტინისა და ღაზის საკითხებზე:

„მიუთითა ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, მათთვის საკვების, სასმელის და მედიკამენტების ჩამორთმევაზე და მოუწოდა ყველა ადამიანს, ყოველთვის დაჩაგრულთა გვერდით ყოფილიყვნენ და მჩაგვრელების წინაშე ყოფილიყვნენ“, - წერს „იმამ ალის ფონდი“.

  • 2023 ოქტომბრის ბოლოს მარნეულში 100-მდე ადამიანი გამოვიდა პალესტინელების მხარდასაჭერად;
  • სოლიდარობის აქცია სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.
  • მსვლელობას ჰაჯი ჰაჯიევი უძღვებოდა.
ასევე ნახეთ „ლოცვა ღაზისთვის“ მარნეულში - როგორ გადაიქცა სოლიდარობის აქცია „ჰამასის“ მხარდაჭერად და ვინ დგას მის უკან