ორშაბათს, 9 თებერვალს ტყიბულში, ქვანახშირის შახტში ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ჭიათურელი მაღაროელების ფეისბუკგვერდმა, „მაღაროელმა“, გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით.
ეს მუხლი გულისხმობს „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას“, - რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რამ გამოიწვია მეშახტის დაღუპვა, ჯერჯერობით უცნობია.
- სამთო მოპოვების ინდუსტრია, მშენებლობის სექტორთან ერთად, ერთ-ერთია, სადაც წლების განმავლობაში დასაქმებულთა სიკვდილიანობა მაღალია.
- პროფკავშირები და უფლებრივი ჯგუფები მიუთითებენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცულობის აუცილებლობაზე.
- ამჟამად ტყიბულის შახტებს ამუშავებს „საქნახშირი“, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“. მისი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი ჭელიძე.
- ტყიბულის შახტებს მართავს კომპანია „კოალ მენეჯმენტი“, რომელსაც რუსი ბიზნესმენი მიხაილ სოცკი ფლობს.
- სოცკი 2025 წლიდან დაინიშნა ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციის“ პროცესის ხელმძღვანელად. „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კაპანაძეა (მეტსახელად „რიჟა“).